რაც შეეხება ადვოკატების წერილს, აქ საინტერესო რამ ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილს ევაჭრებოდნენ და ვაჭრობის საგანი იყო 2 მილიარდ დოლარზე მეტი და ივანიშვილმა უარი თქვა ვაჭრობაზე. უარი თქვა იმაზე, რომ რამე ფორმით შესულიყო მოლაპარაკებებში, რომელიც უკავშირდებოდა ქვეყნის ინტერესების დაზიანებას და ეს არის განსაკუთრებულად დასაფასებელი ნაბიჯი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, რეგიონში მძიმე ომია და ამ კუთხით საქართველო იყო რისკების წინაშე.
„პირველ რიგში, გამომდინარე იქიდან, რომ წარმოვადგენთ ხელისუფლებას, გვაქვს ჩვენი უშუალო პასუხისმგებლობა. როგორი პროცესებიც არ უნდა წარიმართებოდეს ჩვენი ქვეყნის გარშემო, ვალდებული ვართ, რომ პირველ რიგში ვემსახუროთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს კონკრეტული ინტერესი, ჩვენ გვაქვს ურთულესი რეგიონული ფონი, რეგიონშია გვაქვს მძიმე ომი და რა თქმა უნდა, ამ კუთხით საქართველო იყო რისკების წინაშე, პირდაპირ რომ ვთქვათ სამხედრო კონფლიქტის თვალსაზრისით. მეტიც, კონკრეტული ძალები ქვეყნის შიგნით, ეს არის რადიკალური ოპოზიცია, ასევე მათთან აფილირებული ენჯეოები, ასევე უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები, პირდაპირ გვიბიძგებდნენ ჩვენ ომისკენ. მათ შორის, პირდაპირი განცხადებებით. ამასთან ერთად როდესაც ვხედავთ ჩვენ შანტაჟს, რა თქმა უნდა ეს ლოგიკური ეჭვები, ვარაუდები კიდევ უფრო მძაფრდება. რაც შეეხება ადვოკატების წერილს, აქ საინტერესო რამ ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილს ევაჭრებოდნენ და ვაჭრობის საგანი იყო 2 მილიარდ დოლარზე მეტი და ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ვაჭრობაზე. უარი თქვა იმაზე, რომ რამე ფორმით შესულიყო მოლაპარაკებებში, რომელიც უკავშირდებოდა ქვეყნის ინტერესების დაზიანებას და ეს არის განსაკუთრებულად დასაფასებელი ნაბიჯი“. - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.