სამეგრელოს საოლქო პროკურორს შანტაჟში ადანაშაულებენ(VIDEO)

სამეგრელოს საოლქო პროკურორს შანტაჟში ადანაშაულებენ(VIDEO)

კომპანია „სანის“ დირექტორი სერგო გვარამია სამეგრელო ზემო-სვანეთის ოლქის პროკურორ ვალერიან იოსავას შანტაჟში ადანაშაულებს. გვარამიას განცხადებით, პროკურორმა იოსავამ 11 ივნისს იგი საკუთარ კაბინეტში დაიბარა და დაემუქრა, რომ თუ მის მიმართ წარმოებულ საქმეზე საპროცესო შეთანხმებას არ დათანხმდებოდა, სამ თვეში კომპანია „სანის“ გაუკოტრებდა.

გასული წლის 26 ნოემბერს შპს „სანის“ დირექტორის სერგო გვარამიას მიმართ 210-ე მუხლით, რაც ყალბი საანგარიშსწორებო ან საკრედიტო ბარათების გამოყენებას გულისხმობს, გამოძიება დაიწყო. კერძოდ, გამოძიება გვარამიას საწარმოო სალაროდან 7 მილიონ 255 ათასამდე ლარის უკანონოდ გატანას ედავებოდა.

ამ ბრალდებით გვარამია 6 დეკემბერს დააკავეს და აღკვეთ ღონისძიებად 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. თუმცა, სააპელაციო სასამართლომ დაცვის მხარის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ბრალდებული 50-ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

გვარამიას ადვოკატის, ედიშერ ქარჩავას განცხადებით, წინასასამართლო სხდომა რომელიც 2013 წლის იანვრის ბოლოსთვის იყო ჩანიშნული, პროკურატურის მოთხოვნით, საკმარისი მტიკიცებულებების უქონლობის გამო, რამდენჯერმე გადაიდო.

საბოლოოდ, შვიდი თვის შედეგ, სასამართლო განხილვისას გაირკვა, რომ კომპანიას ყალბი დოკუმენტები არ დაუმზადებია და არც 7 254 929 ლარი არ მიუთვისებია.

ადვოკატის თქმით, სამეგრელოს საოლქო პროკურორი ვალერიან იოსავა და სამეგრელოს ფინანსური პოლიციის უფროსი ლევან კაკავა ყველა დაინტერესებულ პირს, შეგნებულად შეცდომაში შეყვანის მიზნით ეუბნებოდნენ, რომ კომპანიის დირექტორმა სერგო გვარამიამ აღნიშნული თანხა მიითვისა.

ადვოკატი, ასევე, აცხადებს, რომ რამდენიმე დღის წინ შემოსავლების სამსახურიდან მიღებული შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ კომპანიას მხოლოდ 827 455 ლარის საბუღალტრო დარღვევა აღმოაჩნდა.

„ამ აქტსაც არ ვეთანხმებით და ისიც გასაჩივრდება,“ - აცხადებს ქარჩავა და დასძენს, რომ ამ აქტს სისხლის სამართლის საქმესთან არანაირი კავშირი არ აქვს.

ამასთან, ადვოკატი აღნიშნავს, რომ „ვალერიან იოსავამ და ლევან კაკავამ აღნიშნული უკანონო ქმედებებით, სახელმწიფო ბიუჯეტს 5 მილიონ ლარზე მეტი, ხოლო შპს „სან“-ს 4 მილიონ ლარზე მეტი ზიანი მიაყენეს.

რატომ უნდა იყოს დაინტერესებული სამეგრელოს საოლქო პროკურორი ვალერიან იოსავა აღნიშნულ საქმეზე საპროცესო შეთანხმებით? ამ კითხვაზე ადვოკატი ედიშერ ქარჩავა პასუხობს, რომ იოსავა საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.

„სერგო გვარამია უკანონო ბრალდებით დააკავეს, თითქოს მან 7 მილიონი ლარი „შეჭამა“ და ბიუჯეტს დიდი ზიანი მიაყენა. 8 თვის შემდეგ კი შემოსავლების სამსახურის შემოწმების აქტით დადგინდა, რომ მას არანაირი 7 მილიონი არ მიუთვისებია. ამ დროის განმავლობაში, სერგო გვარამიას მიმართ ცრუ ბრალდებების გამო სახელმწიფომ 5 მილიონ ლარზე მეტით იზარალა. ბრალდებაზე გამამართლებელი განაჩენის დადგომისთანავე, ჩვენ რა თქმა უნდა, ამ უკანონო ბრალდებას გავასაჩივრებთ და ვისი პასუხისმგებლოის საკითხი დადგება?! რა თქმა უნდა, ოლქის პროკურორისა და საგამოძიებო ორგანოების. ამიტომ, აქ თვითგადარჩენის ინსტინქტი მუშაობს და ისევ იმ ძველი მეთოდებით აპირებენ უკანონო ბრალდების გატანას.

"იოსავა საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს, რადგან ახლადანიშნულ ოლქის პროკურორს არ უნდა, რომ უკანონო ბრალდება ჰქონდეს. ამასთან, სერგო გვარამიას დაკავებით ფინანსური პოლიციიდან სხვა პირები იყვნენ დაინტერესებულნი, რომელთაც თავის დროზე ოლქის პროკურორი შეცდომაში შეიყვანეს და ვინაიდან მან უკანონო ბრალდება უკვე სასამართლოში გააგზავნა და ფაქტის წინაშეა, რომ გვარამიას მიმართ გამამართლებელი განაჩენი დადგება, ამიტომ იგი ისევ ძველი უკანონო მეთოდებით - შანტაჟითა და მუქარით ცდილობს სერგო გვარამია საპროცესო შეთანხმებაზე დაიყოლიოს,“ - აცხადებს ადვოკატი.

შპს „სან“-ის დირექტორი, ბრალდებული სერგო გვარამია TSpress-თან საუბრისას აცხადებს, რომ 11 ივნისს სამეგრელო ზემო-სვანეთის საოლქო პროკურორმა ვალერიან იოსავამ „როგორც მოქალაქე და არა როგორც ბრალდებული“ დაიბარა. გვარამია იოსავას კაბინეტში შემდგარ საუბარს იხსენებს:

„საოლქო პროკურორმა მუქარისა და შანტაჟის ფორმით მითხრა, რომ დაგვემთავრებინა ჩემს მიმართ წარმოებული საქმე საპროცესო შეთანხმებით, რის შემდგომაც ჩემს ბიზნეს საქმიანობაში მწვანე შუქი მექნებოდა ანთებული და სხვადასხვა ტენდერებში თავისუფლად მივიღებდი მონაწილეობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მითხრა, რომ ჩემს კომპანიას 3 თვეში გააკოტრებდა და მე ციხეში გამიშვებდა. მითხრა, რომ მას ხელებს ვერავინ გადაუგრიხავს,“ - განუცხადა სერგო გვარამიამ TSpress-ს.

 

 



საოლქო პროკურორი ბრალდებულ სერგო გვარამიას საკუთარ კაბინეტში დაბარების ფაქტს არ უარყოფს და აცხადებს, რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. იოსავა ადასტურებს, რომ მას გვარამიასთან საპროცესო შეთანხმებაზე ხელისმოწერის შესახებ საუბარი ჰქონდა, თუმცა შანტაჟსა და მუქარას არც უარყოფს და არც ადასტურებს.

 

შპს „სან“-ს საქართველოში 35 პროექტი აქვს განხორციელებული, მათ შორისაა სასტუმრო „ოქროს საწმისი“ ანაკლიაში, ზუგდიდის პარკი და ა.შ. ამჟამად კომპანია 10-მდე პროექტზე მუშაობს.