გივი მიქანაძემ ებრაული კულტურული მემკვიდრეობის - „ბიბლიური მარშრუტის

გივი მიქანაძემ ებრაული კულტურული მემკვიდრეობის - „ბიბლიური მარშრუტის" წარდგენის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

გივი მიქანაძემ ებრაული კულტურული მემკვიდრეობის - „ბიბლიური მარშრუტის" წარდგენის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

ებრაულ ახალ წელს, „ისრაელის სახლმა", ებრაული კულტურული მემკვიდრეობის „ბიბლიური მარშრუტის" პრეზენტაცია გამართა, სადაც მონაწილეობა მიიღო ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, გივი მიქანაძემ.

მან, საქართველოს პარლამენტის სახელით, ებრაელ ხალხს ახალი წელი მიულოცა.

„მსურს ებრაელ ხალხს ვუსურვო, რომ დამდეგი „როშ აშანა" ყოფილიყოს მშვიდობის, ბედნიერების, ხვავისა და ბარაქის წელი. ისრაელის სახელმწიფოს, საქართველოს მტკიცე მეგობარსა და პარტნიორს, ვუსურვებ მშვიდობას, კეთილდღეობასა და წინსვლას სახელმწიფოებრიობის აღმშენებლობის გზაზე", - განაცხადა გივი მიქანაძემ სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, წლევანდელი წელი საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს ურთიერთობებში მნიშვნელოვანი, საიუბილეო წელია, რადგანაც ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 30 წლისთავი აღინიშნება.

„30 წლის განმავლობაში ისრაელის სახელმწიფოსა და საქართველოს ურთიერთობა ეფუძნებოდა საერთო ღირებულებებსა და მიზნებს. ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრობა ისევე, როგორც ჩვენს ხალხებს შორის არსებული ძმობა, არის სანიმუშო. ღრმად მწამს, რომ ეს ურთიერთობები გაგრძელდება და კიდევ უფრო განმტკიცდება საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს მოქალაქეების სასარგებლოდ", - განაცხადა გივი მიქანაძემ.

მისი თქმით, ქართულ-ებრაული მეგობრობა და ურთიერთობა მსოფლიოში უნიკალური ფენომენია, რომელსაც საქართველომ არამატერიალური, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული ძეგლის სტატუსი მიანიჭა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ხალხებს შორის არსებულ განსაკუთრებულ სიყვარულსა და ურთიერთდამოკიდებულებას.

„ჩვენი პასუხისმგებლობაა რომ წინაპრების მიერ შემონახული განსაკუთრებული ურთიერთობები კიდევ უფრო განვამტკიცოთ და გავაფართოვოთ. დღეს დათესილი მარცვალი მომავალ თაობებში გამოიღებს ნაყოფს და ამ მეტად საპასუხისმგებლო მისიაში, თითოეული ჩვენგანის ძალისხმევა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ებრაული თემის დაუღალავი შრომა საქართველოს წინსვლისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. თქვენ, საქართველოს ყოველდღიურობის და ისტორიის ნაწილი ხართ", - მიმართა ებრაელ ხალხს გივი მიქანაძემ.

მან მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს ებრაული კულტურისა და მემკვიდრეობის აღსანიშნავი ღონისძიების, ებრაული კულტურის ევროპული დღეების მოწყობისა და ისტორიულად მნიშვნელოვანი „ებრაელთა ბიბლიური მარშრუტის" პრეზენტაციისთვის, რაც კავკასიაში ებრაელთა განსახლების ადგილებს მოიცავს და სადაც საქართველოს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. „ბიბლიური ტურის ამოქმედება სამომავლოდ, ხალხთა შორის ურთიერთობების განმტკიცებას შეუწყობს ხელს", - განაცხადა გივი მიქანაძემ.

ღონისძიებას დისტანციურად, ონლაინ ფორმატში ჩაერთო ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი დავით ბიტანი. მან მადლობა გადაუხადა კოლეგას, გივი მიქანაძეს და ტურიზმის დეპარტამენტს „ბიბლიური მარშრუტის" მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ეს წარმატებული პროექტი იქნება.

ღონისძიებაზე ებრაული კულტურული მემკვიდრეობის „ბიბლიურ მარშრუტთან" დაკავშირებით, „ისრაელის სახლის" ხელმძღვანელმა, იციკ მოშემ ისაუბრა. მისი თქმით, ახალი მარშრუტის მიზანია ებრაული მემკვიდრეობის მარშრუტი მიმზიდველი გახდეს მსოფლიოსთვის და წარდგენილი იქნას სხვადასხვა ტურისტულ გამოფენებზე. როგორც მან აღნიშნა, საქართველოში ვიზიტორთა რიცხვი პანდემიამდელ პერიოდთან, 2019 წელთან შედარებით, 6%-ით არის გაზრდილი, როდესაც ისრაელიდან საქართველოში ტურიზმის პიკი იყო და იმედი გამოთქვა, რომ ამ ახალი მარშრუტის შემდეგ ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.

„ტურიზმი არის ყველაზე ძლიერი ხიდი საქართველო-ისრაელის ურთიერთობებში. ამ ხიდზე ჩვენ უნდა ავაწყოთ ჩვენი ხვალინდელი დღის კავშირები, ვინაიდან ეს არის ბუნებრივი კავშირები და ის უნდა იყოს ძლიერი", - განაცხადა იციკ მოშემ.