ჩვენი ევროპელი მეგობრები თანმიმდევრულები არიან. როგორც წინა ჩამოსვლაზე გვითხრეს, მხოლოდ ერთად გაკეთებული საქმე ჩაგვეთვლება გაკეთებულ საქმედ, ახლაც იმავეს იმეორებენ, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ რეკომენდაციების შესრულების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
„ასევე თანმიმდევრულები არიან ჩვენი კოლეგები ოპოზიციაში, რომლებიც არც მაშინ შემოდიოდნენ სამუშაო ჯგუფებში და არც ახლა შემოდიან. ძალიან მკაფიოდ გაესვა ხაზი გუშინაც და დღესაც შეხვედრებზე იმას, რომ თუ ევროკავშირს წარედგინება ორი პროცესი, ეს შეიძლება ქართულად რომ ვთარგმნით გაღიზიანების წყარო იყოს, რადგან ჩვენ ვერ მოვახერხეთ ერთ მაგიდასთან დასხდომა და შეთანხმება“, - ამბობს ჰერმან საბო.
ვალდებულების შესრულება და რეკომენდაციებზე მუშაობის პროცესი - ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ქართველ დეპუტატებთან ერთად ევროპელი კანონმდებლებიც ესწრებიან, პოლიტიკური შინაარსის განცხადებები გაკეთდა. ევროპის გზავნილი უცვლელია - 12 რეკომენდაციის შესრულებაზე მმართველმა გუნდმა და ოპოზიციამ ერთობლივად უნდა იმუშაონ.