ჩვენ მაქსიმალურად ვზრუნავთ ეროვნულ უსაფრთხოებაზე და საზოგადოება ამას ხედავს: ორჯერ იყო აგორებული აბსოლუტურად ხელოვნურად კამპანია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს რუსი ტურისტები სერიოზულ საფრთხეებს შექმნიდნენ და ორივეჯერ გამოჩნდა, რომ ეს კამპანია იყო აბსოლუტურად უსაფუძვლო, ყალბი და მას ჰქონდა პოლიტიკური მიზნები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, ახლაც ვითარება ბოლომდე კონტროლს ექვემდებარება და ამაზე ყველა უწყებაა პასუხისმგებელი.
„რაც შეეხება ზოგად საფრთხეებს, საფრთხეები არსებობს და ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ მთელი ამ თვეების განმავლობაში და სწორედ ამიტომ მოვუწოდებდით ყველა სუბიექტს, მათ შორის რადიკალურ ოპოზიციასა და შესაბამის NGO-ებს, თავი შეეკავებინათ იმ რიტორიკისგან, რომელიც ომისკენ იყო მიმართული. ასევე თავი შეეკავებინათ პროვოკაციებისგან, თუმცა ისინი მაინც განაგრძობდნენ ამ რიტორიკასა და პროვოკაციულ ქმედებებს, რაც ჩვენთვის მიუღებელი იყო. ახლა, მით უმეტეს, როდესაც [რუსეთში] ახალი მობილიზაცია გამოცხადდა, კიდევ უფრო ფხიზლად და ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ საფრთხეები არ გაგვეპაროს. ნახევარ წელიწადზე მეტია ომი დაიწყო და თქვენ ხედავთ, რომ ამ ხნის განმავლობაში ჩვენი სახელმწიფო უწყებები ბოლომდე უზრუნველყოფენ სახელმწიფო უსაფრთხოებას და რა თქმა უნდა, ასე გაგრძელდება“, - განაცხადა კობახიძემ.