თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია (ვიდეო)

თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია (ვიდეო)

საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია ბათუმის სასტუმრო „შერატონში“ ხვალ ოფიციალურად გაიხსნება. კონფერენციის მონაწილეები უკვე ბათუმში იმყოფებიან. მოწვეული სტუმრებისათვის დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას სახელით მიღება გაიმართა. თავდაცვის მინისტრმა კონფერენციის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და ნაყოფიერი მუშაობა უსურვა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში უკვე ტრადიციად დამკვიდრდა კონფერენცია თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე. ასეთი მნიშვნელოვანი სემინარი რეგიონში მეორე არ არსებობს. ფორუმს ესწრებიან ისეთი მაღალი რანგის სტუმრები, როგორიც არის ბრიტანეთის მინისტრი საერთაშორისო უსაფრთხოების სტრატეგიის საკითხებში, რეგიონალური სტრატეგიული პარტნიორები აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და ასევე ნატოს რიგი ელჩები, რომლებიც თან ახლდნენ ჩრდილო ატლანტიკურ საბჭოს. საუბარი შეეხება რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებს, ჩვენს უსაფრთხოებას, დამოკიდებულებას რუსეთთან, თანამშრომლობას სომხეთთან, აზერბაიჯანთან, ირანთან. ზოგადად, ეს კონფერენცია ეძღვნება უსაფრთხოების ახალი მექანიზმების ჩამოყალიბებას.“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ მედიის წარმომადგენლებთან.

ხვალ, კონფერენციას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია გახსნის. საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი.

კონფერენციის მონაწილეები ორი დღის განმავლობაში ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ, როგორიცაა ევროატლანტიკური უსაფრთხოება, ნატოს გაფართოება, საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორები, ISAF-ის ოპერაცია, შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობა და საქართველოს დემოკრატიული განვითარება.