სახელმწიფო უშიშროების სამსახურის (,,სუს”-ის) რეგიონული უფროსის გიორგი გერმისააშვილის მიერ კასპის საჯარო სკოლების დირექტორების დაბარების ფაქტის გახმაურების შემდეგ Qartli.gE გორის საჯარო სკოლების დირექტორებთან ,,სუსის” უფროსის შეხვედრითაც დაინტერესდა. სოციალურ ქსელში რამდენიმე პედაგოგი გვწერდა, რომ ანალოგიური გორშიც მოხდა, ოღონდ არა რესურსცენტრის შენობაში, არამედ უშუალოდ სახელმწიფო უშიშროების სამსახურში.
გიორგი გერმისაშვილი ახლადჩამოყალიბებულ სამსახურის რეგიონულ ორგანიზაციას ხელმძღვანელობს. ის მანამდე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის რეგიონული განყოფილების თანამშრომელიც იყო. კასპის გამგებლის ოლეგ იაძის განცხადებით, 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე გერმისაშვილი იყო ის პიროვნება, რომელიც სკოლის დირექტორებს, პედაგოგებს და კოალიცია ,,ქართული ოცნების” მხარდამჭერებს აშანტაჟებდა.
პირველ რიგში, გორის საჯარო სკოლების დირექტორებთან ინტერვიუს შეთანხმებაზე ვიზრუნეთ. როგორც ვწერდით, კასპის საჯარო სკოლების რამდენიმე პედაგოგს, ჩვენთან მოცემული ინტერვიუს შემდეგ, პრობლემები შეექმნა. მეტეხის საჯარო სკოლის დირექტორი საავადმყოფოშიც კი მოხვდა. გორში, ისედაც ჟურნალისტებთან ურთიერთობას მიუჩვეველ დირექტორებს კი, ინტერვიუ სამეურვეო საბჭოს ირგვლივ სასაუბროდ ვთხოვეთ, რაზეც თანხმობა მივიღეთ. სამეურვეო საბჭოს არჩევნებთან დაკავშირებით მასალას ცალკე მოვამზადებთ, ამჯერად, იმ კომენტარებს გთავაზობთ, რომლებიც დირექტორებმა ,,სუსის” ხსენებაზე გააკეთეს.