ირაკლი კობახიძე: განცხადებებისას ზურაბ ჯაფარიძე გამოირჩევა მეტი აგრესიულობით და სიმძაფრით, ყველაფრის ნეიტრალური და ჯანსაღი მსაჯული არის საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: განცხადებებისას ზურაბ ჯაფარიძე გამოირჩევა მეტი აგრესიულობით და სიმძაფრით, ყველაფრის ნეიტრალური და ჯანსაღი მსაჯული არის საზოგადოება

„პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ზურაბ ჯაფარიძე თავის განცხადებებში აგრესიულობით და სიმძაფრით გამოირჩევა.

კობახიძის თქმით, ყველაფრის ჯანსაღი მსაჯული არის საზოგადოება და ყველაფერი მან უნდა შეაფასოს.

„ეს არ არის რაიმე ახალი. ერთადერთი ჯაფარიძე გამოირჩევა მეტი აგრესიულობით და სიმძაფრით თავის განცხადებებში. პოლარიზაციისკენ მიმართულ განცხადებებს ოპოზიციონერები აკეთებენ ფაქტობრივად ყოველდღიურ რეჟიმში. მანამდე იყო ერთ-ერთი თავმჯდომარის მაპოლარიზებელი განცხადება, საუბარი აქციებზე, რიგგარეშე არჩევნებზე და ასე შემდეგ. ახლაა ჯაფარიძე, მანამდე კიდევ სხვები. ეს არის მათი რიტორიკის ყოველდღიური შემადგენელი ნაწილი და ეს არის მათი საქმიანობის ყოველდღიური შემადგენელი ნაწილი.

მთავარია, რომ ყველამ შეაფასოს და საზოგადოებამ უნდა შეაფასოს. საზოგადოება არის ყველაზე ნეიტრალური და ჯანსაღი მსაჯული ამ ყველაფრის. საზოგადოება როდესაც ხედავს, რომ ვიღაცები ცდილობენ პოლარიზებას, ქვეყანაში ვითარების არევას, ომისკენ მიაქანებენ ქვეყანას, რა თქმა უნდა, მათ არასდროს არ ექნებათ საზოგადოების მხარდაჭერა. საზოგადოებამ უნდა შეხედოს და შეაფასოს ეს ყველაფერი“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, ქვეყანაში რამდენიმე რადიკალური ძალაა, რომელსაც არ სურს, შესრულდეს ევროკომისიის დოკუმენტის პირველი პუნქტი, რომელიც დეპოლარიზაციას ეხება.

„მათ უკავიათ რადიკალური ნიშა. ეს არის მცდელობა, რომ არავითარ შემთხვევაში არ გამოვიდნენ რადიკალური ნიშიდან. ეს არის რეალობა. არის რამდენიმე რადიკალური პოლიტიკური ძალა, „ნაცმოძრაობა“, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და ეს არის ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია. ეს ხუთი სუბიექტი, რომელიც არის რადიკალური ოპოზიცია, ამ ნიშაში არიან და არც უნდათ ამ ნიშიდან გამოსვლა. შესაბამისად, ისინი ყველაფერს აკეთებენ, რათა არ შესრულდეს ევროკომისიის დოკუმენტის პირველი პუნქტი, რომელიც უკავშირდება დეპოლარიზაციას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, მის „ტელეგრამზე“ 379 ადამიანი დარეგისტრირდა, რომლებიც მზად არიან ქუჩაში პროტესტზე, ხელის შეშლაზე, დაუმორჩილებლობაზე, საბოტაჟზე. ჯაფარიძის თქმით, მისი ამოცანაა, ამ ადამიანების რაოდენობა გაზარდოს.