მგონია, ოპოზიციის ნაწილი მიზეზს ეძებდა, რათა რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებებისთვის მხარი არ დაეჭირა - შალვა პაპუაშვილის გამოსვლა ვიღაცას მოეწონა, ვიღაცას - არა, მაგრამ ეს რა კავშირშია იმასთან, რასაც მხარი ერთხელ დაუჭირეს?! - აღნიშნული განცხადება პარლამენტის ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან გააკეთა.
იოსელიანის შეფასებით, სახალხო დამცველის არჩევის წესზე კანონის პროექტის პირველ და მეორე რედაქციას შორის დიდი სხვაობა არ არის, მხოლოდ რამდენიმე სიტყვაა შეცვლილი და გამომდინარე აქედან, მისთვის გაუგებარია, რატომ შეცვალა საკუთარი პოზიცია ოპოზიციამ.
„მთავარია, რომ ცვლილებები არავის უკრძალავს შესაძლებლობას, რომ კანდიდატების ნომინირება მოახდინოს. კანდიდატებს საშუალება ექნებათ მხარდაჭერა მოიპოვონ. იმის წინაპირობას ვერ ვხედავ, რომ რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფს თუ არასამთავრობო ორგანიზაციას კანდიდატის წარმოდგენის შესაძლებლობა ეზღუდება. თუ რომელიმე კანდიდატი მომეწონება, მხარს დავუჭერ. კანდიდატებს კეთილსინდისიერებისა და კვალიფიკაციით შევაფასებ“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.
ახალი სახალხო დამცველის არჩევის წესთან და პროცედურებთან დაკავშირებით რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს მეორე მოსმენით კენჭისყრისას, პირველი მოსმენით კენჭისყრისაგან განსხვავებით, “ნაციონალური მოძრაობის“, “სტრატეგია აღმაშენებლისა“ და "ლელოს" დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს.
კანონპროექტი დღეს სესიაზე მესამე მოსმენით გადის.