ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს სხდომა საქართველოში (ვიდეო)

ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს სხდომა საქართველოში (ვიდეო)

თბილისში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე დასასწრებად საქართველოში ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ჩამოვიდა. კომისიის შექმნის შემდეგ, ჩრდილო-ატლანტიკური საბჭო საქართველოში მესამედ იმყოფება. კომისიას საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის წევრებთან ერთად, საქართველოს თავდაცვის მინისტრი დაესწრო.

ირაკლი ალასანიას განცხადებით, სხდომაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა ნატოს მხრიდან საქართველოს მიმართ გაზრდილი ნდობა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ასევე, ISAF-ის მისიაში ქართველი სამხედროების მონაწილეობის მნიშვნელობას.

„ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა პრემიერ-მინისტრთან ძალიან წარმატებულად შედგა. მოხდა მოსაზრებების ღია გაცვლა, თუ სად დგას დღეს საქართველო ნატოსთან ინტეგრაციის კუთხით. ყველამ ერთსულოვნად აღნიშნა, რომ საქართველო-ნატოს შორის ნდობა ამაღლებულია. ჩვენი სამხედროები პრაქტიკულად ისე მონაწილეობენ ნატოს ოპერაციებში, როგორც ნატოს წევრი ქვეყნები. მათ მიმართ ნდობა ძალიან მაღალია. აქედან გამომდინარე, დღეს უკვე ოქტომბერში ჩატარებული ისტორიული არჩევნების შემდეგ, მთავარი შეკითხვა არის ის, თუ როგორ შევინარჩუნებთ პოლიტიკურ სტაბილურობას, როგორი თანაარსებობა გვექნება პოლიტიკურ ძალებთან და რამდენად წარმატებულად ჩავატარებთ საპრეზიდენტო არჩევნებს“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

დღევანდელ შეხვედრაზე პოსტ-ISAF-ის პერიოდში საქართველოს როლზეც ისაუბრეს. „პრემიერ-მინისტრმა იმ გეგმაზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს ერთობლივად გვაქვს. როდესაც სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა დასრულდება, ის გამოყენებული იქნება იმ შეიარაღებისა და ცოცხალი ძალის გამოსაყვანად, რომელიც ნატოსთვის 2014 წლის შემდეგ გახდება საჭირო. ოქტომბერში ველოდებით ნატოს სარდლობის მიერ ოპერატიული გეგმის წარმოდგენას იმასთან დაკავშირებით, თუ რა ფორმატით მიიღებს საქართველო მონაწილეობას ავღანეთში 2014 წლის შემდეგ. საქართველოს უკვე თავისი ადგილი ექნება. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ავღნიშნავ - ეს იქნება არა საბრძოლო, არამედ დახმარების, გაწვრთნის და მხარდაჭერის მისია“ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

ირაკლი ალასანიამ საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების შესახებ ნატო-ს პოზიციაზე და საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებაზეც გაამახვილა ყურადღება: „ძალიან ნათელია ნატოს ქვეყნების და თავად ნატოს გადაწყვეტილება, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება. მთავარია ჩვენ მუდმივად ვემზადებოდეთ წევრობისთვის. ეს ნიშნავს ქვეყანაში პოლიტიკურ სტაბილურობას, სამოქალაქო საზოგადოებაში სახელმწიფოებრიობის განცდას და სამხედრო მზადყოფნას.“

ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ნატოს გენერალური მდივანი არაფორმალური სადილის ფორმატში შეხვედრას გამართავს საქართველოს თავდაცვის მინისტრთან. ანდერს ფოგ რასმუსენი ასევე, პირადად შეხვდება ქართველ სამხედროებს, რომლებიც ავღანეთში ISAF-ის მისიაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრებიან.