წარმოდგენა, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციის

წარმოდგენა, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციის "იდენტობა" წევრები მონაწილეობდნენ, მაყურებელმა ჩაშლა სცადა(VIDEO)

თბილისის თეატრალური უნივერსიტეტის სცენაზე ივ ენსლერის პიესის "ვაგინა მონოლოგები" მოყვარულებმა ითამაშეს. წინააღმდეგობის მიუხედავად, საქველმოქმედო წარმოდგენა მაინც გაგრძელდა.

წარმოდგენა, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციის "იდენტობა" წევრები და მხარდამჭერები მონაწილეობდნენ, დღეს, 18 საათზე დაიწყო. პიესა ცნობილ ამერიკელ დრამატურგსა და ფემინისტს ივ ენსლერს ეკუთვნის. "ვაგინა მონოლოგები" 20–ზე მეტ ენაზეა ნათარგმნი და ინსცენირებული. საქართველოში წელს პირველად ითარგმნა და სცენაზე დაიდგა.

წარმოდგენა მშვიდად დაიწყო. თუმცა ერთ საათში დარბაზში შემოვიდა ხუთამდე ახალგაზრდა ბიჭი, რომლებიც საკუთარ თავს თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებს უწოდებდნენ. ისინი წარმოდგენის ჩაშლას შეეცადნენ. ერთ–ერთის თქმით, ასეთი რაღაცების დადგმა უნივერსიტეტის სცენაზე არ შეიძლება და აქვს პროტესტის უფლება, რადგან ეს მისი უნივერისტეტია:

"სადაც გენებოთ, იქ გააკეთეთ. შეიძლება მეც მოვიდე. უბრალოდ, ეს არ უნდა ხდებოდეს ჩვენს სცენაზე. არავინ არაფერს არ გერჩით, არც ვჩხუბობთ, აქ კონკრეტულად სცენაზეა საუბარი, მას პატივი უნდა ვცეთ. თქვენდამი არ გამოვხატავთ აგრესიას,"–განაცხადა მან.

შედეგად, წარმოდგენა შეჩერდა. ბიჭი დარბაზიდან გაიყვანეს. მაყურებლების ნაწილი წარმოდგენის გაგრძელებას ითხოვდა. "იდენტობის" იურისტის ნინო ბოლქვაძის თქმით, პრევენციის მიზნით მან პოლიციას გამოუძახა. პოლიციელი ნინო ბოლქვაძეს გაესაუბრა, რის შემდეგაც პოლიციელმა უნივერისტეტი დატოვა.

"ვიღაც დარბაზში შემოვიდა, დაიწყო ყვირილი და ხელი შეუშალა წარმოდგენის მიმდინარეობას. პრევენციის მიზნით, რომ ეს არ გადაზრდილიყო ჩხუბში, გამოვიძახე პოლიცია,"– ნინო ბოლქვაძე.

წარმოდგენა პოლიციელის წასვლამდე გაგრძელდა. მასში15 ქალი მონაწილეობს, რომლებიც საკუთარ ისტორიებს ყვებიან. ისტორიები მონოლოგის რეჟიმშია. ამ ქალების ისტორიები სექსუალური პრობლემებს, ძალადობას, პარტნიორებთან ურთიერთიობას, ჯანმრთელობის პრობლემების საკითხებს ეხება.

"ივ ენსლერმა პიესა 1990–იან წლებში დაწერა. იგი მსოფლიოს მასშტაბით მოგზაურობდა და ქალებს თავიანთ ისტორიას აყოლებდა. თავდაპირველად 200–ზე მეტი ქალი გამოკითხა. შემდეგ წრე გაფართოვდა და თავის ისტორიებზე სხვა ქალებიც ალაპარაკდნენ. დრამატურგმა გადაწვიტა, რომ ეს საუბრები პიესის სახით დაეწერა და მას მონოლოგების სახე მისცა.

ის თვლიდა, რომ ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობა არის დიდი პრობლემა, როგორც მთელს მსოფლიოში, ისე საქართველოშიც. მისი მიზანი იყო მიენიშნებინა მსოფლიოსთვის ამ პრობლემაზე. ჩვენ პატრიარქალური კულტურის ჩვეულებრივი ნაწილები ვართ. ქართული კულტურა ტრადიციულია, რომელიც ეწინააღმდეგება ქალის სექსუალურ თავისუფლებას. ამგვარი მონოლოგები ვიღაცისთვის პრობლემაა, მაგრამ იმათთვის, ვისაც არ უნდათ, რომ ეს პრობლემები დაინახონ, ზოგში აგრესიას იწევს, ზოგში- პროტესტს, ზოგი გულში ინახავს,"– თქვა ნათია ხარატიშვილმა პიესის დაწყებამდე, რომელიც ერთ–ერთი მონაწილე იყო.

წარმოდგენის დასრულების შემდეგ ნეტგაზეთი მაყურებელსა და წარმოდგენის ავტორებს გაესაუბრა:

"ჩაშლის მცდელობა იყო მაყურებლის მხრიდან, მაგრამ სპექტაკლი არ ჩაიშალა და ვფიქრობ, რომ წარმატებული გამოსვლა გვქონდა. ვფიქრობდი, რომ პროვოკაციას ადგილი ექნებოდა იმიტომ, რომ ჩვენი ქართული საზოგადოება, სამწუხაროდ, არ ეგუება, სიმართლეს ჩახედოს თვალებში,"– ამბობს ლუიზა მახარაძე, რომელიც ერთ–ერთ ქალს განასახიერებდა სპექტაკლში.

"თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი რაიმე განსაკუთრებითი ნიშნით არ შეირჩა. მოვაკითხე და უპრობლემოდ დამთანხმდენენ. მოვედი, ვითხოვე დარბაზი 1 დღით და მითხრეს, რომ პრობლემა არ იყო. გავაგზავნე მასალები, შეეძლოთ გაცნობოდნენ და წინასწარ სცოდნოდათ, რასთან ჰქონდათ საქმე. პოსტერებიც მოვიტანე"– ნათია ხარატიშვილი.

ნათია წარმოდგენის ერთ–ერთი ორგანიზატორი იყო. მისი თქმით, თეატრალური უნივერსიტეტის შენობაში გამოკრული პოსტერები სპექტაკლის დასრულების შემდეგ აღარ დახვდა. ნათია მოელოდა, რომ სპექტაკლს უარყოფითი რეაქციები მპოჰყვებოდა და მისი მოლოდნი ნაწილობრივ სიმართლედ იქცა.

"თითოეულს თავისი პირადი ცხოვრება აქვს და ეს, როგორც ერს, ისე სახელმწიფო ტრადიციებს აღიზიანებს. შემდგომში აღარ დავუშვებთ. არ უნდა ჩატარებულიყო, დამნაშავეა რექტორიდან დაწყებული ორგანიზატორით დამთავრებული. ამას ჩვენ აუცილებლად გავაპროტესტებთ , – ამბობს თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტი თორნიკე იმედაძე.

წარმოდგენა საქველმოქმედო იყო. მისგან შემოსული თანხა მთლიანად ძალადობის მსხვერპლ ქალებს გადაერიცხათ. ბილეთის ფასი ხუთ ლარს შეადგენდა.