ივანიშვილისა და რასმუსენის ერთობლივი პრესკონფერენცია(VIDEO)

ივანიშვილისა და რასმუსენის ერთობლივი პრესკონფერენცია(VIDEO)

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ გაიმართა ბიძინა ივანიშვილისა და ანდერს ფოგ რასმუსენის ერთობლივი პრესკონფერენცია. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნები იქნება ბოლო წერტილი იმისთვის, რომ ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ დაინახონ ახალი ხელისუფლების რეალური სახე.

"როგორც იცით, ეს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მესამე შეხვედრაა, რომელიც საქართველოში იმართება. ასეთი შეხვედრები ამტკიცებს იმ დიდ ყურადღებას, რომელსაც ნატო-ს წევრები იჩენენ საქართველოსთან მიმართებაში. თავის მხრივ, საქართველოც თანმიმდევრულ ნაბიჯებს დგამს, რომ რაც შეიძლება მალე გახდეს ამ ძალიან ღირსეული ალიანსის წევრი. გვქონდა საინტერესო საუბარი, რისთვისაც ალიანსის გენერალურ მდივანს მინდა მადლობა გადავუხადო. შევეხეთ რამდენიმე ეტაპს, ვისაუბრეთ განვლილ პერიოდსა და მომავალზე, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ურთიერთობები...გენერალური მდივანი დავარწმუნე და აქცენტი გავაკეთე იმაზე, რომ გაცილებით უკეთესი და ევროპული ტიპის იქნება საპრეზიდენტო არჩევნები", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
თავის მხრივ რასმუსენმა აღნიშნა, რომ 2008 წლის ნატო-ს სამიტზე დასახული მიზნებისა და მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად საქართველომ ძალიან დიდი პროგრესი განიცადა.

"2008 წელს ბუქარესტის სამიტის ერთგულებისათვის ნატო-საქართველოს კომისია ჩამოვაყალიბეთ, გადაწყვეტილება იყო მიღებული იმის შესახებ, რომ საქართველო გახდებოდა ნატო-ს წევრი იმ პირობით, თუ საჭირო მოთხოვნებს დააკმაყოფილებდა. ნატო-საქართველოს კომისიის ჩარჩოებში ჩვენ ვთანამშრომლობთ იმ მიზნის მისაღწევად, რომელიც 2008 წელს ნატო-ს სამიტზე დაისახა. ამ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად საქართველომ ძალიან დიდი პროგრესი განიცადა",-განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.