„ხალხის ძალა“: ნინო ბაქაქური ერთ-ერთი ყველაზე არადისციპლინირებული მოსამართლეა, 2017 წლიდან ვადის დარღვევით 560 საქმე აქვს განხილული, როცა რეკომენდირებულმა კიდევ ერთმა მოსამართლემ, ზურაბ ძლიერიშვილმა ვადის დარღვევით 1 საქმე განიხილა

„ხალხის ძალა“: ნინო ბაქაქური ერთ-ერთი ყველაზე არადისციპლინირებული მოსამართლეა, 2017 წლიდან ვადის დარღვევით 560 საქმე აქვს განხილული, როცა რეკომენდირებულმა კიდევ ერთმა მოსამართლემ, ზურაბ ძლიერიშვილმა ვადის დარღვევით 1 საქმე განიხილა

მოსამართლე ნინო ბაქაქური ერთ-ერთი ყველაზე არადისციპლინირებული მოსამართლეა, 2017 წლიდან მას ვადის დარღვევით 560 საქმე აქვს განხილული, როცა საელჩოს მიერ რეკომენდირებულმა კიდევ ერთმა მოსამართლემ ზურაბ ძლიერიშვილმა იმავე პერიოდში ვადის დარღვევით მხოლოდ 1 საქმე განიხილა, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის „ხალხის ძალა“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„საელჩოს მესამე ინსტრუქცია სრულიად გამაოგნებელია. საელჩო, არც მეტი არც ნაკლები, აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს სამი მოქმედი მოსამართლე - ნინო ბაქაქური, ეკატერინე გასიტაშვილი და ზურაბ ძლიერიშვილი უვადოდ უნდა იქნენ არჩეული. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ამ გადაწყვეტილებას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და საქართველოს პარლამენტი იღებენ. საბჭოს და პარლამენტის მიერ კონკურსის საფუძველზე მისაღებ გადაწყვეტილებაში საელჩოს ესოდენ უხეში ჩარევა საბჭოთა ცეკასაც კი შეშურდებოდა. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მოსამართლე ნინო ბაქაქური მთელ სისტემაში ერთ-ერთი ყველაზე არადისციპლინირებული მოსამართლეა. როგორც გაირკვა, 2017 წლიდან დღემდე მას ვადის დარღვევით 560 საქმე აქვს განხილული, როცა საელჩოს მიერ რეკომენდირებულმა კიდევ ერთმა მოსამართლემ, ზურაბ ძლიერიშვილმა იმავე პერიოდში ვადის დარღვევით მხოლოდ 1 საქმე განიხილა. რაც კიდევ უფრო შემაშფოთებელია, იმავე პერიოდში ნინო ბაქაქურმა უკვე განხილულ საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მომზადებისათვის კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადა 626 საქმიდან 271 საქმეზე დაარღვია, საიდანაც 213 საქმეზე მხარეები დასაბუთებულ გადაწყვეტილებას უკვე 2 წელიწადზე მეტია ამაოდ ელიან. ასეთი უდისციპლინობის პირობებში, რა განაპირობებს საელჩოს განსაკუთრებულ სიმპათიებს მოსამართლე ბაქაქურის მიმართ, საზოგადოებამ თავად განსაჯოს. როდესაც საელჩო, ერთი მხრივ, უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტებას აფერხებს და მეორე მხრივ, ისეთი მოსამართლის უვადოდ განწესებას ითხოვს, რომელიც სასამართლოში საქმეების დროულ განხილვას სერიოზულ დაბრკოლებას უქმნის, მძაფრდება გონივრული ეჭვი, რომ უზენაეს სასამართლოში კოლაფსის შექმნას საელჩო, სისტემის დისკრედიტაციის მიზნით, შეგნებულად ახორციელებს.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს საელჩოს მიერ მოსამართლე ჩხიკვაძეზე განხორციელებულ ზეწოლას და ადასტურებს ჩვენს დასკვნას, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფა საელჩოსთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. საზოგადოება გასული სამი წლის განმავლობაში, ძირითადად, საელჩოს ორ მცდელობას აკვირდებოდა: პირველი, ეს იყო ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლა და ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობის დაბრუნება და მეორე, იმავე ნაციონალური მოძრაობის მეშვეობით, სასამართლო სისტემაში შეღწევა.

სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფისა და მასში შეღწევის მიზანს საელჩოს მიერ მართლმსაჯულების მთავარი კონსტიტუციური ორგანოს - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული იგნორირება და მოსამართლეების მიმართ შერჩევითი მიდგომაც ადასტურებს. კლანური პრინციპების შესაბამისად, საელჩოს შერჩეული ყავს ათამდე ფავორიტი მოსამართლე, რომლებიც ვიზიტების, ტრენინგებისა და სემინარების დაგეგმვისას განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობენ.

ზოგადად, აღნიშნული ღონისძიების ორგანიზებისას, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გვერდის ავლით ხორციელდება, იკვეთება დისკრიმინაციული მიდგომა, რომლის უკან ფავორიტი მოსამართლეების წრის შენარჩუნებისა და გაფართოების ინტერესი იკითხება. აღნიშნულის გაგრძელებაა ელჩის მოულოდნელი და შეუთანხმებელი ვიზიტები სასამართლოებში, რომლებიც, ბუნებრივია, ზუსტად იგივე მიზანს ემსახურება. ეს საკითხები მკაცრ საკანონმდებლო მოწესრიგებას საჭიროებს, რათა სასამართლო სისტემაში კლანური და სელექციური მიდგომების დამკვიდრება მომავალში ვერც საელჩომ და ვერც რომელიმე სხვა დაინტერესებულმა სუბიექტმა ვერ შეძლოს.

ვფიქრობთ, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის დათმობა, სახელმწიფო სუვერენიტეტის გადმოსახედიდან, პარლამენტისა და მთავრობის დათმობაზე უარესია. ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნების სცენარი თეორიულად რომ დავუშვათ, ამ პრობლემის მოგვარება რამდენიმე წელიწადში, მომდევნო არჩევნებით შეიძლება, მაგრამ სასამართლო ხელისუფლებას თუ მიითვისებენ, სახელმწიფო სამუდამო და გამოუსწორებელ პრობლემას მიიღებს. სახელმწიფო, სადაც სასამართლო ხელისუფლებას სხვა აკონტროლებს, ნულოვანი სუვერენიტეტით სარგებლობს. აქედან გამომდინარე, მთელი ჩვენი ძალისხმევა სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვისკენ იქნება მიმართული.

P.S. ჩვენი წინა განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, გამოიკვეთა ხელისუფლებაზე საელჩოს შეტევის ახალი ხაზი, რომელიც პირველად საელჩოს და ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლობისტის, თომას ილვესის პირით გაახმოვანეს. შეგახსენებთ, რომ ეს ის ილვესია, რომელიც საქართველოსგან აფხაზეთსა და ცხინვალში ომის დაწყებას ცოტა ხნის წინ ღიად ითხოვდა. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენს განცხადებაზე საელჩოს ჯანსაღი რეაქცია ჰქონოდა, ახლა ისინი ქვეყანას, სანქცირებული საქონლით ვაჭრობის მოგონილი საბაბით, უკვე საერთაშორისო იზოლაციით ემუქრებიან. როგორც ჩანს, ჩვენს მიერ საელჩოსთვის ნიღბის ჩამოხსნამ და სიმართლის თქმამ მათი გაღიზიანება გამოიწვია. შესაბამისად, როგორც ხელისუფლებას, ისე საზოგადოებას მართებთ მაქსიმალური სიფრთხილე, რათა ქვეყანამ შესაბამისი რისკები აიცილოს თავიდან“, - აღნიშნულია განცხადებაში.