„ხალხის ძალა“: ვფიქრობთ, რომ სასამართლოს დათმობა, სახელმწიფო სუვერენიტეტის გადმოსახედიდან, პარლამენტისა და მთავრობის დათმობაზე უარესია

„ხალხის ძალა“: ვფიქრობთ, რომ სასამართლოს დათმობა, სახელმწიფო სუვერენიტეტის გადმოსახედიდან, პარლამენტისა და მთავრობის დათმობაზე უარესია

ვფიქრობთ, რომ სასამართლოს დათმობა, სახელმწიფო სუვერენიტეტის გადმოსახედიდან, პარლამენტისა და მთავრობის დათმობაზე უარესია,- ამის შესახებ განცხადებას საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ ავრცელებს.

„საელჩოს მიერ საქართველოს პარლამენტისთვის მიწოდებულ დოკუმენტში არაერთი პრობლემური და აბსურდული ინსტრუქციაა წარმოდგენილი, თუმცა, საზოგადოების ყურადღებას დღეს მხოლოდ სამ მათგანზე შევაჩერებთ. ესენია: მოსამართლეთა არჩევისა და დანიშვნისას კვალიფიციური უმრავლესობის წესის გამოყენება, სასამართლოების თავმჯდომარეების არჩევითობა და უზენაესი სასამართლოს სამი მოსამართლის უვადოდ გადანიშვნა.

საელჩოს ინსტრუქციის მიხედვით, საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები უნდა აირჩიოს არა ჩვეულებრივი, არამედ 3/5-ის უმრავლესობით. გარდა ამისა, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეები უნდა დანიშნოს და წარადგინოს ორმაგი 2/3-ის უმრავლესობით, რაც ნიშნავს, რომ გადაწყვეტილებას მხარი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს როგორც მოსამართლე წევრთა 2/3-მა, ისე არამოსამართლე წევრთა 2/3-მა უნდა დაუჭიროს. პირველ რიგში, აღვნიშნავთ, რომ საელჩოს ინსტრუქციაში შემოთავაზებულ ნორმებს დემოკრატიულ სამყაროში ანალოგი არა აქვს. საზოგადოებას მარტივად რომ განვუმარტოთ, ამ ინსტრუქციის გათვალისწინების პირობებში, ოპოზიცია იღებს სრულ კონტროლს მოსამართლეების არჩევასა და დანიშვნაზე. ვერცერთი მოსამართლე ვეღარ აირჩევა ან დაინიშნება ნაციონალური მოძრაობისა და მისი სატელიტების თანხმობის გარეშე, რაც ნიშნავს, რომ ნაციონალური მოძრაობა სისტემაში მისთვის სასურველი მოსამართლეების შეყვანას შეძლებს. რას ნიშნავს საელჩოს და ნაციონალური მოძრაობის მიერ მართული მოსამართლეები, ეს 2004-12 წლებში საზოგადოებამ საკუთარ თავზე ძალიან მძიმედ იწვნია და ამის გამეორება დაუშვებელია. გამამართლებელი განაჩენების თითქმის ნულოვანი მაჩვენებელი, წინასწარი და ადმინისტრაციული პატიმრობის, გირაოსა და ჯარიმის შეფარდების უმძიმესი სტატისტიკა 2004-12 წლების პრობლემების მასშტაბურობასა და სისტემურობას უტყუარად ადასტურებს. ნიშანდობლივია, რომ ძალაუფლების უზურპაცია ნაციონალურმა მოძრაობამ 2004 წელს სწორედ სასამართლო ხელისუფლების მითვისებით დაიწყო. ყველას გვახსოვს, რომ საელჩოს და ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდათ სრული ჰარმონია იმ სასამართლო სისტემის გარშემო, რომელიც ავტორიტარიზმის, რეპრესიული მანქანის, ადამიანებზე ზეწოლისა და ბიზნესის რეკეტის ერთ-ერთ უმთავრეს მექანიზმად იყო ქცეული. გარდა ამისა, სარალიძის საქმემ აჩვენა, რომ საზოგადოებისთვის მიუღებელ ერთ სასამართლო გადაწყვეტილებასაც კი ქვეყანაში სერიოზული არეულობისა და რყევების შეტანა შეუძლია. ასეთ პირობებში, საზოგადოებას თავად შეუძლია განსაჯოს, რისთვის და როგორ გამოიყენებენ საელჩო და ნაციონალური მოძრაობა სისტემაში მათ მიერ შეყვანილ რამდენიმე ათეულ მოსამართლეს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სასამართლო სისტემაში არ დაბრუნდეს ის უმძიმესი რეალობა, რომელიც 2012 წლამდე იყო შექმნილი.

სასამართლოს თავმჯდომარეების არჩევითობა ნიშნავს სასამართლო სისტემაში პოლიტიკის შეტანას, მოსამართლეებს შორის პერსონალური კონფლიქტების პროვოცირებასა და სისტემის დესტაბილიზაციას. სწორედ ამ მიზეზების გამო, სასამართლოს თავმჯდომარეების არჩევითობას განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებში ანალოგი არა აქვს. ასეთ პირობებში, რატომ იძლევა საელჩო სასამართლოების თავმჯდომარეების არჩევითობის შემოღების ინსტრუქციას, ვფიქრობთ, არცთუ რთული გამოსაცნობია.

საელჩოს მესამე ინსტრუქცია სრულიად გამაოგნებელია. საელჩო, არც მეტი არც ნაკლები, აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს სამი მოქმედი მოსამართლე - ნინო ბაქაქური, ეკატერინე გასიტაშვილი და ზურაბ ძლიერიშვილი უვადოდ უნდა იქნენ არჩეული. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ამ გადაწყვეტილებას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და საქართველოს პარლამენტი იღებენ. საბჭოს და პარლამენტის მიერ კონკურსის საფუძველზე მისაღებ გადაწყვეტილებაში საელჩოს ესოდენ უხეში ჩარევა საბჭოთა ცეკასაც კი შეშურდებოდა. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მოსამართლე ნინო ბაქაქური მთელ სისტემაში ერთ-ერთი ყველაზე არადისციპლინირებული მოსამართლეა. როგორც გაირკვა, 2017 წლიდან დღემდე მას ვადის დარღვევით 560 საქმე აქვს განხილული, როცა საელჩოს მიერ რეკომენდებულმა კიდევ ერთმა მოსამართლემ, ზურაბ ძლიერიშვილმა იმავე პერიოდში ვადის დარღვევით მხოლოდ 1 საქმე განიხილა. რაც კიდევ უფრო შემაშფოთებელია, იმავე პერიოდში ნინო ბაქაქურმა უკვე განხილულ საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მომზადებისათვის კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადა 626 საქმიდან 271 საქმეზე დაარღვია, საიდანაც 213 საქმეზე მხარეები დასაბუთებულ გადაწყვეტილებას უკვე 2 წელიწადზე მეტია ამაოდ ელიან. ასეთი უდისციპლინობის პირობებში, რა განაპირობებს საელჩოს განსაკუთრებულ სიმპათიებს მოსამართლე ბაქაქურის მიმართ, საზოგადოებამ თავად განსაჯოს. როდესაც საელჩო, ერთი მხრივ, უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტებას აფერხებს და მეორე მხრივ, ისეთი მოსამართლის უვადოდ განწესებას ითხოვს, რომელიც სასამართლოში საქმეების დროულ განხილვას სერიოზულ დაბრკოლებას უქმნის, მძაფრდება გონივრული ეჭვი, რომ უზენაეს სასამართლოში კოლაფსის შექმნას საელჩო, სისტემის დისკრედიტაციის მიზნით, შეგნებულად ახორციელებს.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს საელჩოს მიერ მოსამართლე ჩხიკვაძეზე განხორციელებულ ზეწოლას და ადასტურებს ჩვენს დასკვნას, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფა საელჩოსთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. საზოგადოება გასული სამი წლის განმავლობაში, ძირითადად, საელჩოს ორ მცდელობას აკვირდებოდა: პირველი, ეს იყო ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლა და ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობის დაბრუნება და მეორე, იმავე ნაციონალური მოძრაობის მეშვეობით, სასამართლო სისტემაში შეღწევა.

სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფისა და მასში შეღწევის მიზანს საელჩოს მიერ მართლმსაჯულების მთავარი კონსტიტუციური ორგანოს - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული იგნორირება და მოსამართლეების მიმართ შერჩევითი მიდგომაც ადასტურებს. კლანური პრინციპების შესაბამისად, საელჩოს შერჩეული ყავს ათამდე ფავორიტი მოსამართლე, რომლებიც ვიზიტების, ტრენინგებისა და სემინარების დაგეგმვისას განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობენ. ზოგადად, აღნიშნული ღონისძიების ორგანიზებისას, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გვერდის ავლით ხორციელდება, იკვეთება დისკრიმინაციული მიდგომა, რომლის უკან ფავორიტი მოსამართლეების წრის შენარჩუნებისა და გაფართოების ინტერესი იკითხება. აღნიშნულის გაგრძელებაა ელჩის მოულოდნელი და შეუთანხმებელი ვიზიტები სასამართლოებში, რომლებიც, ბუნებრივია, ზუსტად იგივე მიზანს ემსახურება. ეს საკითხები მკაცრ საკანონმდებლო მოწესრიგებას საჭიროებს, რათა სასამართლო სისტემაში კლანური და სელექციური მიდგომების დამკვიდრება მომავალში ვერც საელჩომ და ვერც რომელიმე სხვა დაინტერესებულმა სუბიექტმა ვერ შეძლოს.

ვფიქრობთ, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის დათმობა, სახელმწიფო სუვერენიტეტის გადმოსახედიდან, პარლამენტისა და მთავრობის დათმობაზე უარესია. ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნების სცენარი თეორიულად რომ დავუშვათ, ამ პრობლემის მოგვარება რამდენიმე წელიწადში, მომდევნო არჩევნებით შეიძლება, მაგრამ სასამართლო ხელისუფლებას თუ მიითვისებენ, სახელმწიფო სამუდამო და გამოუსწორებელ პრობლემას მიიღებს. სახელმწიფო, სადაც სასამართლო ხელისუფლებას სხვა აკონტროლებს, ნულოვანი სუვერენიტეტით სარგებლობს. აქედან გამომდინარე, მთელი ჩვენი ძალისხმევა სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვისკენ იქნება მიმართული“,- ნათქვამია განცხადებაში.