რუსეთის მიერ ევროპისთვის გაზის მიწოდების კიდევ უფრო შემცირების ფონზე, ბაიდენის ადმინისტრაცია კულისებს მიღმა გააფრთებით მუშაობს, რათა რუსეთის წინააღმდეგ ევროპელი მოკავშირეების ერთიანობა შეინარჩუნოს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
25 ივლისს, კომპანია „გაზპრომმა“ „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის კიდევ ერთი ტურბინის გათიშვა გამოაცხადა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, 27 ივლისიდან გაზის ნაკადის დღიური მოცულობა 33 მილიონი კუბური მეტრი იქნება.
აშშ-ის ოფიციალურმა პირმა CNN-თან საუბარში განაცხადა, რომ რუსეთმა ეს ნაბიჯი დასავლეთის სანქციების საპასუხოდ გადადგა და რომ დასავლეთი გაურკვევლობაში ჩააგდო იმასთან დაკავშირებით, ექნება თუ არა ევროპას საკმარისი გაზი ზამთრის პერიოდის გადასატანად.
„ეს [ევროპისთვის გაზის მიწოდების შემცირება] ჩვენი ყველაზე დიდი შიში იყო“, - აღნიშნა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა.
აშშ-ის ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ შექმნილი ვითარება ასევე იქნება რუსეთის წინააღმდეგ ევროპის მდგრადობისა და ერთიანობის მთავარი გამოცდა.
დღეს ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ზამთარში გაზის მოხმარების 15%-ით ნებაყოფლობითi შემცირების შესახებ პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწიეს.
უახლოეს დღეებში ასევე გაიმართება დისკუსია ევროპაში ატომური ენერგიის წარმოების გაზრდაზე გაზის დეფიციტის ასანაზღაურებლად.
აშშ-ის ოფიციალური პირები უკიდურესად შეშფოთებულნი არიან, რომ ზამთარში ევროპა შესაძლოა გაზის სერიოზული დეფიციტის წინაშე აღმოჩნდეს.
აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა რუსეთის ნაბიჯებს ბუნებრივი აირის პოლიტიკურ და ეკონომიკურ იარაღად გამოყენება უწოდა.