ხატია დეკანოიძე: როგორც ჩანს, კობახიძისთვის მნიშვნელოვანია ძალაუფლება შეინარჩუნოს ყველანაირ, მათ შორის სამოქალაქო დაპირისპირების ფასად - ეს არის ძალადობის წახალისება

ხატია დეკანოიძე: როგორც ჩანს, კობახიძისთვის მნიშვნელოვანია ძალაუფლება შეინარჩუნოს ყველანაირ, მათ შორის სამოქალაქო დაპირისპირების ფასად - ეს არის ძალადობის წახალისება

როგორც ჩანს, კობახიძისთვის მნიშვნელოვანია ძალაუფლება შეინარჩუნოს ყველანაირ, მათ შორის სამოქალაქო დაპირისპირების ფასად - ეს გამოჩნდა დღეს მის განცხადებაში, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს და ტელეკომპანია „მთავარის“ ჟურნალისტს შორის გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ირაკლი კობახიძის განცხადება ძალადობის წახალისებაა.

„ის, თუ როგორ წარმოუდგენია დეპოლარიზაცია და პროცესი „ქართულ ოცნებას“, ძალიან კარგად დადასტურდა კობახიძის დღევანდელ განცხადებაში. ეს იყო ამორალურობის, ყოველგვარი უკულტურობის, ჟურნალისტების მიმართ ძალიან მძიმე დამოკიდებულების გამოვლინება და ძალადობის წახალისება, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ ხელისუფლების წარმომადგენლისგან. როგორც ჩანს, კობახიძისთვის მნიშვნელოვანია ძალაუფლება შეინარჩუნოს ყველა ფასად, მათ შორის, სამოქალაქო დაპირისპირების ფასად, ეს გამოჩნდა დღეს მის განცხადებაში“, - განაცხადა დეკანოიძემ.

ის ასევე, გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის დღევანდელ განცხადებებს და მოუწოდა მას, რომ ირაკლი კობახიძის ქცევა შეაფასოს.

„ბატონ პაპუაშვილს მე მოვუწოდებდი, რომ შეფასება გააკეთოს პარტიის თავმჯდომარის განცხადებების და ქცევების და იმის, თუ როგორ აზიანებს პარტიის თავმჯდომარის განცხადება და ქცევა დეპოლარიზაციის პროცესს, რომელზეც ასე ხშირად საუბრობს „ქართული ოცნება“.

იმიტირებულ პროცესზე და წარმოდგენებზე საუბარს, მოვუწოდებ მას, რომ შეაფასოს კობახიძის ქცევა, განცხადება და ზოგადად დამოკიდებულება, რომ ახალი სამოქალაქო დაპირისპირება სურს კობახიძეს საქართველოში იხილოს და რამდენად აფასებს პაპუაშვილი კობახიძის ამ დამოკიდებულებას და განცხადებას. მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ძალაუფლება შეინარჩუნონ“, - აღნიშნა დეკანოიძემ.

ინფორმაციისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გუშინ “მთავარის“ ჟურნალისტს შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა. კობახიძის გაღიზიანება ჟურნალისტის მიერ, უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადების კონტექსტში დასმულ შემდეგ კითხვას მოჰყვა: „კაგებეს აგენტის შვილი არ ხართ, ბატონო ირაკლი?“. „კაგებეშნიკი არის მამათქვენი, ეს შემიძლია გითხრათ... სირცხვილია, სახე დაკარგეთ... ნუ კანკალებ, სახე დაკარგე. შენც ხარ დავით არახამია, როგორც არახამია არ არის კაცი, ისე შენც არ ხარ ქალი. სახე დაკარგე, თავი დაკარგე, პოლიტიკა ამად გიღირს? სირცხვილია.... "ნაცმოძრაობის" გულისთვის სახე დაკარგე. ქალი აღარ ხარ რა... ქალის სახე დაკარგე... რომ ლაპარაკობ, პირი მოიწმინდე... სააკაშვილივით გაქვს პირი, დაემსგავსე ყველაფრით შენს ბელადს. სააკაშვილს ჰგავხარ პირითაც... სამარცხვინო შენ... გულისამრევია“, - მიმართა კობახიძემ „მთავარი არხის“ ჟურნალისტს.