თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი აცხადებს, რომ მის კოლეგაზე, ლაშა ჩხიკვაძეზე განხორციელებული ზეწოლის გამო აშშ-ში გამგზავრებაზე უარი თქვა.
„ჩვენთვის ეს ფაქტი მიუღებელი იყო, რომ კონკრეტული გადაწყვეტილების გამო ჩვენი კოლეგა, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე დაისაჯოს და სულ რამდენიმე დღეში გასამართი ვიზიტის სიიდან იყოს ამოღებული. ამის შემდეგ ჩვენ არანაირი მორალური უფლება აღარ გვქონდა, წავსულიყავით იმ ვიზიტში. შესაბამისად, უარი განვაცხადე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოსამართლეზე ნებისმიერი სახის ზეწოლა, მისთვის ანგარიშის ჩაბარების მოთხოვნა კონკრეტული საქმის შედეგებთან დაკავშირებით და ამის გამო მასთან ნებისმიერი სახის ანგარიშსწორება სრულიად დაუშვებელი და მიუღებელია“, - აცხადებს რომეო ტყეშელაშვილი.
მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებით, ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ სასამართლოს შენობაში შეხვდა აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი, რომელმაც უთხრა, ელჩს აინტერესებს რატომ გამოიყენა თავისუფლების აღკვეთის ზომა.