შოთა დიღმელაშვილი: ეს არის ძალიან მრავალშრიანი კამპანია და ხალხმრავალი პროტესტი არის ამის მხოლოდ ერთი კომპონენტი

შოთა დიღმელაშვილი: ეს არის ძალიან მრავალშრიანი კამპანია და ხალხმრავალი პროტესტი არის ამის მხოლოდ ერთი კომპონენტი

დღეს, წესით, უნდა იყოს მთავრობის სხდომა. გვინდა შევასმინოთ მთავრობას, რომ ჩვენი აზრით არა მუშაობს, არამედ მავნებლობს და რომ ეს მავნებლობა არ მოგვწონს, - ამის შესახებ „სირცხვილიას“ თანადამფუძნებელმა შოთა დიღმელაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციასთან განუცხადა, სადაც აქციის „შინ ევროპისკენ“ მონაწილეები მინისტრთა კაბინეტის წევრების გამოჩენას ელოდებიან.

„ეს არის ძალიან მრავალშრიანი კამპანია და ხალხმრავალი პროტესტი არის ამის მხოლოდ ერთი კომპონენტი. მთელი ამ კამპანიის განმავლობაში, რომელიც მხოლოდ მაშინ დასრულდება, როცა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატთა ნუსხაში დავიგულებთ, ვნახავთ როგორც ხალხმრავალ აქციებს, ასევე ისეთ შეკრებებს, როგორიც ახლა არის, იმისთვის რომ მთავრობას უბრალოდ დისკომფორტი აგრძნობინოს, ასევე საინფორმაციო შეკრებებს, ასევე საერთაშორისო ადვოკატირების შეხვედრებს“, - განაცხადა დიღმელაშვილმა.

უცნობია როდემდე დარჩებიან აქტივისტები მთავრობის ადმინისტრაციასთან. ანონსი მთავრობის სხდომის ჩატარების შესახებ არ გავრცელებულა. ორგანიზატორების თქმით, ადგილზე შეკრებილები დაღლილები არიან, რადგან ღამე მთავრობის ადმინისტრაციასთან გაათენეს. აქციის ორგანიზატორებს კონკრეტული სამოქმედო გეგმა ისევ არ გაუჟღერებიათ.

აქცია „შინ ევროპისკენ“ საღამოს 20:00 საათზე, პარლამენტის შენობასთან დაიწყო. ადგილზე შეკრებილი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების საზოგადოება აქციის ორგანიზატორებისგან კონკრეტულ სამოქმედო გეგმას ითხოვდნენ. ორგანიზატორებმა კი საზოგადოებას „ქართული ოცნების“ ოფისისკენ წასვლა მოსთხოვეს, რამაც აქციაზე მყოფი ხალხის გარკვეულ ნაწილში, მათ შორის სტუდენტებში, უკმაყოფილება გამოიწვია.

„ნაცმოძრაობის“ მომხრეები აქციაზე სიტყვით გამომსვლელთა პარალელურად აჟღერებდნენ საკუთარ მოთხოვნას მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივი გათავისუფლების შესახებ.