დიმიტრი ხუნდაძე: ვიქნებით საზოგადოებასთან ყველაზე ახლოს და იმ ინფორმაციას, რაც მათ დღეს არ აქვთ, ეტაპობრივად მიიღებენ ჩვენგან

დიმიტრი ხუნდაძე: ვიქნებით საზოგადოებასთან ყველაზე ახლოს და იმ ინფორმაციას, რაც მათ დღეს არ აქვთ, ეტაპობრივად მიიღებენ ჩვენგან

ეს გადაწყვეტილება მარტივი არ იყო. ჩემი პოლიტიკური ასაკი ზუსტად ემთხვევა „ქართული ოცნების“ პარტიის ასაკს, მაგრამ ჩავთვალე საჭიროდ, რომ ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება იყო მისაღები, - ამის შესახებ დიმიტრი ხუნდაძემ „ქართული ოცნებიდან“ წასვლაზე საუბრისას განაცხადა. დეპუტატს თქმით, მას და პარტიიდან მასთან ერთად წასულ წევრებს მმართველ გუნდთან აზრთა სხვადასხვაობა პრაქტიკულად არ აქვთ, თუმცა ვერ შეთანხმდნენ იმაზე თუ რა დოზით უნდა მიაწოდონ ინფორმაცია საზოგადოებას.

„ჩვენ „ქართულ ოცნებასთან“, ლიდერებთან, თითოეულ წევრთან არავითარი ღირებულებითი აზრთა სხვადასხვაობა არ გვაქვს; პრაქტიკულად ყველა თემაში ვთანხმდებით, გარდა ერთისა - ვერ ვთანხმდებით იმაზე, რა დოზით უნდა მიეწოდოს საზოგადოებას სიმართლე და ინფორმირებული უნდა იყოს მეტად თუ არა. რა თქმა უნდა, საზოგადოებამ უნდა იცოდეს მეტი. დღეს მათი როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ პოლიტიკურ რეალობაში. ამიტომ საკითხები, რომელიც არის საჯარო პოლიტიკის და ზოგჯერ არის საკითხები, რომელიც კულისებში იხილება, მე ვფიქრობ, საზოგადოებამ მეტი უნდა იცოდეს, ვიდრე დღეს იცის. ჩვენი მიზანი იქნება შესრულებული, ჩვენ ვიქნებით საზოგადოებასთან ყველაზე ახლოს და ის ინფორმაცია, რაც მათ დღეს არ აქვთ, ამ ინფორმაციას ეტაპობრივად მიიღებენ ჩვენგან“, - განაცხადა ხუნდაძემ.

დეპუტატები მიხეილ ყაველაშვილი, სოზარ სუბარი და დიმიტრი ხუნდაძე პარტია „ქართულ ოცნებას“ და საპარლამენტო თანამდებობებს ტოვებენ.