ირაკლი კობახიძე: ოპოზიციამ უნდა შეცვალოს რიტორიკა და ხმარებიდან ამოიღოს ისეთი ტერმინები, როგორიც არის მაგალითად პრორუსული მთავრობა, პუტინისტური რეჟიმი

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციამ უნდა შეცვალოს რიტორიკა და ხმარებიდან ამოიღოს ისეთი ტერმინები, როგორიც არის მაგალითად პრორუსული მთავრობა, პუტინისტური რეჟიმი

პირველ რიგში, ოპოზიციამ უნდა შეცვალოს რიტორიკა და ხმარებიდან ამოიღოს ისეთი ტერმინები, როგორიც არის მაგალითად პრორუსული მთავრობა, პუტინისტური რეჟიმი და ა.შ. როგორც კი ამას გააკეთებენ, ისინი მაშინვე გადადგამენ პირველ ნაბიჯს დეპოლარიზაციისკენ, ეს იქნება კარგი, თუმცა ამის მზაობას ჯერჯერობით ვერ ვხედავთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ცალმხრივად პოლარიზაცია ვერ დასრულდება.

„ყველა მათი ნაბიჯი არის მიმართული პოლარიზაციისკენ. ცალმხრივად პოლარიზაცია ვერ დასრულდება. დაველოდებით ოპოზიციის ქმედებებს.

დეპოლარიზაცია პირველ რიგში გულისხმობს დამოკიდებულებას პოლიტიკურ სუბიექტებს შორის. მათ ნაბიჯები დეპოლარიზაციისკენ უნდა გადადგან სწორედ რიტორიკის ცვლილებით. რა თქმა უნდა, ხელისუფლებლებას სჭირდება აღიარება მათი მხრიდან, ჩვენ ეს კი არაფერში გვჭირდება, მაგრამ დეპოლარიზაციას სჭირდება, რომ ოპოზიციამ აღიაროს ხელისუფლების ასე ვთქვათ, ლეგიტიმურობა. ამ დროს ისინი აკეთებენ რას? საუბრობენ პრორუსულ მთავრობაზე, რაღაც პუტინისტური რეჟიმზე, დემოკრატიული უკუსვლაზე, ეს არის სრული სიცრუე და რა თქმა უნდა, ასეთი სიცრუით ისინი დეპოლარიზაციას ხელს ვერ შეუწყობენ, აქედან გამომდინარე, პირველ რიგში უნდა შეიცვალოს მათი დამოკიდებულება, ამის შემდეგ შეიძლება იყოს განხილული ნებისმიერი ნაბიჯი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.