ირაკლი კობახიძე მოსმენების შესახებ კანონპროექტზე ვეტოს დადებაზე: პრეზიდენტის გადაწყვეტილება აბსოლუტურად გაუგებარია - ორი თვის განმავლობაში, ოპოზიციას, უცხოელ პარტნიორებს, NGO-ებს არცერთი შენიშვნა არ წარმოუდგენიათ

ირაკლი კობახიძე მოსმენების შესახებ კანონპროექტზე ვეტოს დადებაზე: პრეზიდენტის გადაწყვეტილება აბსოლუტურად გაუგებარია - ორი თვის განმავლობაში, ოპოზიციას, უცხოელ პარტნიორებს, NGO-ებს არცერთი შენიშვნა არ წარმოუდგენიათ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე პარლამენტში, ჟურნალისტებთან საუბრისას, მოსმენების შესახებ კანონთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა.

ირაკლი კობახიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება აბსოლუტურად გაუგებარია. მან საზოგადოებას კანონპროექტზე მუშაობის პროცესი განუმარტა.

„ამ კანონპროექტის ისტორია შემდეგი იყო - ჩვენ დავიწყეთ ამ კანონპროექტის განხილვა, პირველი მოსმენით, დაახლოებით სამი თვის წინ დავიწყეთ. ჩვეულებრივი მსჯელობა იყო როგორც კომიტეტში, ისე - პლენარულ სხდომაზე. ამის შემდეგ, უცხოელი პარტნიორებისგან იყო თხოვნა ორი კვირით გადადებასთან დაკავშირებით, რაც ჩვენ გავითვალისწინეთ. დამატებით, ორი კვირა, ანუ ჯამში, ერთი თვე მივეცით ყველას, მათ შორის, ოპოზიციას, უცხოელ პარტნიორებს, NGO-ებს, რომ საკუთარი შენიშვნები და კომენტარები წარმოედგინათ. მათ, ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, არცერთი კომენტარი არ წამოუდგენიათ. მეტიც, როდესაც პარლამენტში მეორე მოსმენა გაიმართა, ოპოზიციის მხრიდან არცერთი გამოსვლა არ ყოფილა და არცერთი კითხვა არ დასმულა, არცერთი შენიშვნა არ წარმოუდგენიათ. როდესაც კანონპროექტის განხილვა 2 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში გრძელდება, ვერცერთ შენიშვნას ვერ წარმოადგენენ და, საბოლოო ჯამში, იღებ კანონპროექტს, რომელიც მთლიანად თავსებადია საერთაშორისო სტანდარტებთან და სტრასბურგის პრაქტიკასთან და ამის მერე, კიდევ ვეტოს ადებენ, მე ძალიან მაინტერესებს, რა წერია ამ ვეტოში. სამართლებრივი ვერაფერი ეწერება. აქედან გამომდინარე, პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად გაუგებარია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სალომე ზურაბიშვილმა მოსმენებთან დაკაშირებით კანონს ვეტო დაადო. პრეზიდენტის განმარტებით, მან იცის, რომ ვეტო დაძლეული იქნება, თუმცა არსებულ ვითარებაში მის ნაბიჯს უფრო პოლიტიკური, ვიდრე სამართლებრივი დატვირთვა აქვს.