საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა საქართველოს როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკისთვის, რადგან ის მჭიდრო კავშირშია თითქმის ყველაფერთან, რასაც საქართველო აკეთებს დემოკრატიის გასაძლიერებლად და ხალხის კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად, - ამის შესახებ ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა და ბელგიასა და ლუქსემბურგში საქართველოს ელჩმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა Diplomatic World Magazine-თან ინტერვიუში განაცხადა და დასძინა, რომ ევროკომისიის დასკვნის წარდგენისას, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის კარი ფართოდ არის გაღებული საქართველოსთვის.
ქართველი დიპლომატის თქმით, საქართველომ უდიდესი ძალისხმევა გასწია ევროინტეგრაციის გზაზე ხელშესახები შედეგების მისაღწევად.
„თუმცა, ნება მომეცით ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველო მუდმივად იყო ევროკავშირის საიმედო და ერთგული პარტნიორი. ეს პარტნიორობა აისახა იმ ვალდებულებების შესრულების აღიარებულ პროგრესში, რომელიც ჩვენ ნაკისრი გვაქვს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმებით. ამის გათვალისწინებით და ასევე, ევროკავშირის დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომის შესაბამისად, ჩვენ მოველოდით, რომ სამი ასოცირებული პარტნიორი სახელმწიფო მიიღებდა ერთნაირ რეკომენდაციას კომისიისგან კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ქართველი ხალხის 80 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციას. ვიმედოვნებთ, რომ ევროპული საბჭო დაეყრდნობა კომისიის რეკომენდაციას და გადაწყვეტს საქართველოს სამ ქვეყანას ერთად მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი,“ - აღნიშნა მახარობლიშვილმა.
მისივე თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომი ბევრისთვის გამოსაფხიზლებელ სიგნალად იქცა, თუმცა ქართველებისთვის, ეს თავისუფლებისთვის ბრძოლის ტრაგიკული გახსენებაა.
„ჩვენ გავხდით რუსეთის ახლად აღორძინებული ექსპანსიონისტური საგარეო პოლიტიკის პირველი მსხვერპლი, როდესაც 2008 წელს აგვისტოში, რუსეთის არმია შემოიჭრა საქართველოში. 90-იან წლებსა და შემდგომ თავისუფლებისთვის ბრძოლამ რუსეთთან წარმოებულ არაერთ ომში საქართველოში ათასობით დაღუპული და დაშავებული და ნახევარი მილიონი დევნილი დატოვა. თუმცა, ამან ხელი არ შეგვიშალა დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებებით, რომელსაც ხელი მოვაწერეთ 2014 წელს, ევროკავშირის კანონმდებლობის თითქმის 70% შემოვიტანოთ საქართველოს კანონმდებლობასა და პრაქტიკაში.“ - განაცხადა ელჩმა.
ვახტანგ მახარობლიშვილმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიდი ევროპული ოჯახის წევრობა, საქართველოსა და ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს მიზანი დიდ ძალისხმევას მოითხოვს, საქართველო ამისთვის მზადაა.
„ჩვენ ვიცით, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ერთ ღამეში არ მოხდება. ეს იქნება გრძელი და დამღლელი გზა, მაგრამ ჩვენ მზად ვართ მის გასავლელად, რადგან ვიცით, რა არის სასწორზე და რისი აშენება გვინდა,“ - განმარტა მახარობლიშვილმა.