თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველომ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ყველაფერი გააკეთა.
„როდესაც ვამბობ, რომ წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეს, გულდასაწყვეტია, რა თქმა უნდა, ამას თავისი ახსნა აქვს. საქართველომ მართლა ყველაფერი გააკეთა ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა გატარებული რეფორმებით, საქართველოს არასდროს არაფერზე უკან არ დაუხევია. გვქონდა ომები, გვაქვს დაკარგული ტერიტორიები, ჩვენი სამხედროები ყველაზე დიდი რაოდენობით იყვნენ წარმოდგენილები საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში, ყველაზე დიდი თავგანწირვით იბრძოდნენ, უამრავი დაღუპული ჯარისკაცი, უამრავი ხელ-ფეხდაკარგული კარისკაცი - ეს ჩვენთვის, თითოეული ქართველისთვის ეს ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს და თითოეულმა ჩვენგანმა ვიცით, თუ რამხელა ხარჯი გაიღო საქართველომ ამ ყველაფრისთვის. რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება და პირდაპირ შეიძლება ვთქვა, რომ ქვეყნის დასჯა იმით, რომ სტატუსი არ მოგვცეს, მაგრამ ფარ-ხმალი არ უნდა დავყაროთ, გავაგრძელოთ მუშაობა და დარწუნებული ვარ, ჩვენ ამ სტატუსის მოპოვებას შევძლებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.