რაც შეეხება 12-პუნქტიან ჩამონათვალს, ჩვენ ამ სექტორულ რეფორმებს ისედაც უწყვეტად ვახორციელებთ. ეს არ არის ჩვენთვის მიუღებელი ან რაღაც სიახლე. ჩვენ ამას ნაბიჯ-ნაბიჯ ვაკეთებთ და ეს პროცესი უწყვეტად გაგრძელდება, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.
„ეს მოცემულობა გამოიწვია უკრაინის ომმა, გაიხსნა ფანჯარა, რომ დაგეგმილზე ადრე, 2024 წელზე უფრო ადრე შეგვეტანა განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. ჩვენ გამოვეხმაურეთ ამ მოცემულობას და გავაკეთეთ ისტორიული განაცხადი, ვინაიდან გვინდა, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა. დაიდო კიდევაც დასკვნა, პირველად არის აღიარებული ჩვენი ევროპული მისწრაფებები, მაგრამ, ბუნებრივია, გვინდა მოვიპოვოთ კანდიდატის სტატუსიც. თუ ვიქნებით რეალისტები - ალბათ, 24 ივნისს განსხვავებული გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული. ეს ყველა ვარიანტში არის წინ გადადგმული ნაბიჯი. რაც შეეხება 12-პუნქტიან ჩამონათვალს, ჩვენ ამ სექტორულ რეფორმებს ისედაც უწყვეტად ვახორციელებთ. ეს არ არის ჩვენთვის მიუღებელი ან რაღაც სიახლე. ჩვენ ამას ნაბიჯ-ნაბიჯ ვაკეთებთ და ეს პროცესი უწყვეტად გაგრძელდება. არის იქ 1-2 პუნქტი, რომელზეც ჩვენს ევროპელ კოლეგებთან დაზუსტებას მოითხოვს. შესაძლოა, ვილაპარაკოთ იმაზე, რა იგულისხმება დეოლიგარქიზაციაში. სხვათა შორის, ამ პუნქტზე ყველაზე მეტად აპელირებს დესტრუქციული ოპოზიცია. შევახსენებ მაყურებელს, რომ ამ პუნქტების უმეტესობა, მათ შორის დეოლიგარქიზაციის პუნქტიც გვხვდება უკრაინისა და მოლდოვას შემთხვევაშიც, მიუხედავად იმისა, რომ მათზე კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გაიცა. ნუ გვაქვს აპელირება, თითქოს ევროკავშირმა მხოლოდ საქართველოს ჩაუდო ეს პუნქტი. როგორც არ უნდა შემოუაროს დესტრუქციულმა ოპოზიციამ, თითქოს ხელისუფლებამ რაღაც დააკლო ამ გზაზე, ეს კატეგორიულად მიუღებელია“, - ამბობს გიორგი ამილახვარი.