გვახსოვს, უახლოესი წარსული - მოლაპარაკებები დაწყებულა გვიან და სხვაზე ადრე მიგვიღია შედეგი, ამიტომ გვაძლევს ჩვენ ეს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ გეოგრაფია არ იქნება განმსაზღვრელი ფაქტორი, - ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა სტატუსთან დაკავშირებით განმარტება კიდევ ერთხელ გააკეთა.
„ორი ნაწილისგან შედგებოდა ეს გადაწყვეტილება. პირველი ნაწილი, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია. პირველად ევროკომისიამ ახსენა ფრაზა და მოგვანიჭა ევროპერსპექტივა. რაც უდავოდ გასახარი ამბავია და ამასთან დაკავშირებით რატომ არ უხარიათ იმ ადამიანებს, რომელთაც თავი მოაქვთ ყველაზე პროდასავლელებად, ჩემთვის წარმოუდგენელია. თუმცა, მეორე მხრივ, როდესაც ჩვენს მეგობარ ქვეყნებს კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს ამ მძიმე მდგომარეობაში, ეს ძალიან კარგია. იქ რუსეთის ღია აგრესია მიმდინარეობს, ომია და ელემენტარული, მორალური მხარდაჭერა მაინც სჭირდებოდა ამ ხალხს. ბუნებრივი ამბავია და ამას მივესალმებით“, - განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, ასევე მოლდოვას, უკრაინის შემდეგ, ომი განსაკუთრებით მძიმედ დაატყდა თავს და 2,5 მლნ-იანი ქვეყანა ნახევარმილიონ უკრაინელს იფარებს.
„ეს რომ არ მოხდა საქართველოსთან მიმართებაში, თუ ობიექტურ კრიტერიუმებს ავიღებთ, ამ შემთხვევაში შეგვიძლია დავარქვათ, უსამართლო გადაწყვეტილება, მაგრამ ამავე დროს, ჩვენმა ევროპელმა ლიდერებმა, ევროსაბჭოს ხელმძღვანელი ქვეყნის ლიდერმაც გვითხრა, რომ არ იყოს ომი უკრაინაში, ალბათ, სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა და მეორე, პირდაპირ თქვა, გეოგრაფია. გეოგრაფია იყო ის საკითხი, რომელიც ბევრჯერ გამხდარა ჩვენი მეგობრების მხრიდან მინიშნების საფუძველი და ასევე, მოლაპარაკებათა დაწყების დაგვიანების საფუძველი.
გვახსოვს, ხომ, უახლოესი წარსული - მოლაპარაკებები დაწყებულა გვიან და სხვაზე ადრე მიგვიღია შედეგი, ამიტომ გვაძლევს ჩვენ ეს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ გეოგრაფია არ იქნება განმსაზღვრელი ფაქტორი“, - განაცხადა მდინარაძემ.