ევროკომისიის დათქმები და რეკომენდაციები ასოცირებული ტრიოს სამივე ქვეყნის მიმართ პრაქტიკულად იდენტურია. ერთადერთ განმასხვავებელია მხოლოდ პირველი პუნქტია - დეპოლარიზაცია და ეს მნიშვნელოვანი რომ არ ყოფილიყო, პირველ პუნქტად არ ჩაიწერებოდა და ეს კონკრეტული მესიჯია, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ამ პირობის შესრულებაში ოპოზიციამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს.
„ეს არის ერთადერთი პუნქტი, რომელშიც რაც არ უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, ოპოზიციის გარეშე არაფერი გამოუვა. იმდენად შემაწუხებელია პოლარიზაციის ხარისხი საქართველოში, რომ ევროკომისიას თავის რეკომენდაციებში ამაზე განსაკუთრებულად ხაზგასმა მოუწია და თან შარლ მიშელის შეთანხმების სულისკვეთებაც ახსენა. ალბათ გახსოვთ, რომ ეს სულისკვეთება ასევე დეპოლარიზაცია იყო. ანუ, ორმაგი ხაზგასმა გააკეთა დეპოლარიზაციაზე ევროკომისიამ და ძალიან სამწუხაროა, რომ ერთადერთი პუნქტი, რომლის მინიმუმ ნახევარი დამოკიდებულია ოპოზიციაზე, ირღვევა პირველი წუთებიდან, ირღვევა დღევანდელი აქციის მოწოდებებით. როდესაც ისინი ცდილობენ, ქართული საზოგადოების მიერ არჩეულ ხელისუფლებას დააბრალონ პრორუსულობა, ამაზე მეტი მავნებლობა, თან ამ მართლაც ისტორიულ პროცესში, ხომ არ არსებობს?“ - განაცხადა მდინარაძემ.