ძალიან ნიშანდობლივი იყო, რომ როცა პირველივე წუთებიდან ეს სკანდალური ინფორმაცია გახმოვანდა, ხოშტარიამ სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც პირველივე წამებიდან ჩაეხსნა „რაოს“. მართლა ვერ ვხვდები, რატომ შეიძლება რუსეთმა დაუშვას ასეთი გამონაკლისი, რომ საავტორო უფლებებზე ჰონორარების გაცემებზე ექსკლუზივის მქონე ორგანიზაციის გვერდის ავლით რატომ შეიძლება ურიცხავდნენ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ოკუპანტი ქვეყანაა და ინფორმაცია მეტი გვაქვს ვიდრე სხვა ქვეყნებზე (ჩვენ მეგობრებს არ ვგულისხმობ) და ზუსტად ვიცით ერთი რამ: როდესაც სპეცსამსახურებზე და განაცემებზეა საუბარი, ამაზე, ყველაზე მეტად ზრუნავს კულტურის სამინისტრო. თუკი ლეგენდაა საჭირო, რომ დაფინანსება მიაწოდონ და უზრუნველყონ საქართველოში, რომელიმე მათი წარმომადგენლის (თუ ეს ასეა, არაფერს ვამტკიცებ) რა თქმა უნდა იქ არავინ გადმორიცხავს პირდაპირ თანხას და არ იტყვის, რომ ეს არის ჩემი აგენტის თანხა და ერიცხება 50 000 დოლარი თვეში. ასე არავინ მოიქცევა. რა თქმა უნდა ამას სჭირდება ლეგენდა, რომ ეს არის ჰონორარი, ხელფასი, გასამრჯელო და ა.შ.
წარმოუდგენელია, რომ „ნაცმოძრაობის“ მედიები არ ინტერესდებიან დეტალებით, არ ავრცელებენ ამ ამბავს, ისევე როგორც ბევრი რაღაცით არ დაინტერესდნენ, რაც იყო პირდაპირი მტკიცება, რომ „ნაცმოძრაობის“ და მისი განშტოებების წარმომადგენლები აკეთებენ რუსულ საქმეს, იღებენ დაფინანსებას რუსეთიდან და ა.შ. იმიტომ რომ ესენი ხომ „ყველაზე ანტირუსები და ანტიოკუპანტები არიან“, ამ დროს თურმე რუსულ საქმეს აკეთებენ და რუსულ დაფინანსებას იღებენ დიდი სიამოვნებით“, - განაცხადა მდინარაძემ.