პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკი „დროას“ ლიდერისთვის, ელენე ხოშტარიას ოჯახისთვის რუსეთიდან გადმორიცხული თანხის თემას გამოეხმაურა.
„ეჭვების გაფანტვა შეიძლება მხოლოდ ერთი გზით - ნებისმიერი თანხა გამჭვირვალე გახდეს, 50 ათასი დოლარი თვეში, ეს ცოტა არ არის. ყველაფერს უნდა ჰქონდეს თავის დანიშნულება. ის მიზეზი და საფუძველი, რასაც ელენე და მამამისი ასახელებენ უნდა იყოს არა ცარიელი ლიტონი სიტყვები, არამედ დოკუმენტურად დასაბუთებული და დამტკიცებული“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
„ქრონიკამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „დროას“ დამფუძნებლის ოჯახის წევრის ანგარიშზე რუსეთიდან, პერიოდულად, მილიონობით რუსული რუბლი ირიცხება.
მხოლოდ ბოლო სამი-ოთხი თვის განმავლობაში ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრის სახელზე რამდენიმე მილიონი რუსული რუბლი და ათიათასობით დოლარია ჩარიცხული, საერთო ჯამში დაახლოებით 140-დან 150 ათას დოლარამდე, საიდანაც ნაწილი ჩარიცხულია მოსკოვის დიდი თეატრის, ნაწილი კი რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის ანგარიშიდან.
ხოშტარიამ „ქრონიკის“ მიერ მოპოვებული სკანდალური ინფორმაცია დაადასტურა. ელენე ხოშტარიას მამამ, გოგი ხოშტარიამ „პალიტრა ნიუსთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ამ ფულთან მის შვილს არანაირი კავშირი არ აქვს. მან კიდევე ერთხელ განმარტა, რომ ეს თანხა მას, როგორც სოლიკო ვირსალაძის სამართალმემკვიდრეს, ისე ეკუთვნის.