სერგეი ლავროვი მისი თვითმფრინავისთვის საჰაერო სივრცის ჩაკეტვაზე:  თუ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი დასავლეთში აღიქმება, როგორც თითქმის გლობალური მასშტაბის საფრთხე, ეს ნიშნავს, რომ დასავლეთში საქმე საკმაოდ ცუდადაა

სერგეი ლავროვი მისი თვითმფრინავისთვის საჰაერო სივრცის ჩაკეტვაზე: თუ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი დასავლეთში აღიქმება, როგორც თითქმის გლობალური მასშტაბის საფრთხე, ეს ნიშნავს, რომ დასავლეთში საქმე საკმაოდ ცუდადაა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, სერბეთში მისი ვიზიტის გარშემო შექმნილი ვითარება წარმოუდგენელია.

მისი თქმით, ევროკავშირისა და ნატო-ს ქვეყნებმა ბელგრადს სუვერენული პოლიტიკის გატარების უფლება ჩამოართვეს.

„რა თქმა უნდა, მოხდა წარმოუდგენელი რამ - სუვერენულ სახელმწიფოს ჩამოერთვა საგარეო პოლიტიკის გატარების უფლება. დაბლოკილია სერბეთის საერთაშორისო აქტივობები რუსეთის მიმართულებით,“- აღნიშნა ლავროვმა.

მისი მტკიცებით, ის ფაქტი, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერბეთში ვიზიტი დასავლეთის მიერ გლობალური მასშტაბის საფრთხედ აღიქმება, ნიშნავს, რომ „დასავლეთში საქმე საკმაოდ ცუდადაა“.

„თუ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი დასავლეთში აღიქმება, როგორც თითქმის გლობალური მასშტაბის საფრთხე, ეს ნიშნავს, რომ დასავლეთში საქმე საკმაოდ ცუდადაა“, - განაცხადა ლავროვმა.

შეგახსენებთ, სერბეთში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ვიზიტი გაუქმდა, რადგან სერბეთის სამმა მეზობელმა ქვეყანამ, ბულგარეთმა, ჩრდილოეთ მაკედონიამ და მონტენეგრომ რუსი დიპლომატის თვითმფრინავისთვის თავიანთი საჰაერო სივრცე დახურეს.