არის სიტუაცია, როდესაც კონკრეტული ქმედების გამო ზიანდება ქვეყნის ინტერესი. მე მიმაჩნია, რომ ამ განცხადებით, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკეთებინა მის ევროპულ პარტიას, ზიანდება ქვეყნის ინტერესი, - ამის შესახებ ლევან იოსელიანმა განაცხადა. პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, ეს განცხადება ქვეყნის ევროინტეგრაციას უშლის ხელს.
„შინაარსის მიმართ არ მაქვს პრობლემა. შეიძლება ეს განცხადება გაკეთებულიყო ერთი თვის მერეც და ერთი თვის წინა. EPP გამოირჩევა კრიტიკით და ამის მიმართ პრობლემა არ მაქვს, რომ ხელისუფლებას აკრიტიკებენ. დღეს, როდესაც ყველა სიტყვას მნიშვნელობა აქვს, როდესაც 10 დღეში უნდა გადაწყდეს საქართველოს საკითხი - მივიღებთ თუ არა კანდიდატის სტატუსს, დღეს რომ ამას აკეთებ, ამით ხელს უშლი ამ პერსპექტივას. ეს არის ცალსახა. ყველა რაღაცნაირად ცდილობს ამას გვერდი აუაროს და მე ამას გვერდს არ ავუვლი“, - განაცხადა იოსელიანმა.
„ევროპის სახალხო პარტიამ“ განცხადება გამოაქვეყნა. EPP საქართველოში მიმდინარე პროცესებით შეშფოთებულია და, „ევროპის სახალხო პარტიის“ შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაზე უარის თქმა და „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის დაკავება დემოკრატიული ინსტიტუტების რღვევის ნათელი მაგალითებია.