თეა წულუკიანი: „ნაციონალური მოძრაობისა“ და EPP-ს მიზანია საქართველომ არ მიიღოს ევროკავშირის წევრობის სტატუსი

თეა წულუკიანი: „ნაციონალური მოძრაობისა“ და EPP-ს მიზანია საქართველომ არ მიიღოს ევროკავშირის წევრობის სტატუსი

ჩვენ ვიცით, მაგრამ ახლა უკვე ჩვენი საზოგადოებაც კარგად ხედავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლობისტები, ამ შემთხვევაში, კონკრეტულად „ევროპის სახალხო პარტია“, რომელიც მოიაზრება „ნაციონალური მოძრაობის“ პარტნიორ ორგანიზაციად, პოლიტიკურ ოჯახად, ყველაფერს ცდილობს, რომ ქართველმა ხალხმა, ჩვენმა ქვეყანამ, სახელმწიფომ არ მივიღოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა განაცხადა. მისივე თქმით, გაუგებარია, რომ „ევროპის სახალხო პარტია“ (EPP) პატიმარ სააკაშვილს კვლავ დიდ დემოკრატად მიიჩნევს.

„მათი მთავარი მიზანია, ევროპისკენ მიმავალ გზაზე, როგორც ერი და ქვეყანა, როგორმე წარუმატებლები ვიყოთ. ამჟამად, მათი მთავარი მიზანი, მათ შორის EPP-ს მიზანი გახლავთ, რომ საქართველომ არ მიიღოს ევროკავშირის წევრობის სტატუსი. ასევე გაუგებარია, რომ იმ ადამიანს, რომელსაც რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე აქვს მისჯილი წლების გარკვეული ოდენობა საპატიმროში მოსახდელად, ვგულისხმობ პატიმარ სააკაშვილს, EPP კვლავ მიიჩნევს დიდ დემოკრატად. ამ დროს ის არის ადამიანი, რომელიც აქვე, რამდენიმე მეტრში, რუსთაველის გამზირზე არბევდა ჩვენს ხალხს, სცემდა, აწამებდა ციხეებში პატიმრებს. შესაბამისად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, არა მხოლოდ მთავრობამ, საზოგადოებამ, ვიყოთ ერთიანი, მეტად შეკრულები ჩვენს სულისკვეთებაში ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე“, - მიიჩნევს წულუკიანი.

„ევროპის სახალხო პარტიამ“ განცხადება გამოაქვეყნა. EPP საქართველოში მიმდინარე პროცესებით შეშფოთებულია და, „ევროპის სახალხო პარტიის“ შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაზე უარის თქმა და „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის დაკავება დემოკრატიული ინსტიტუტების რღვევის ნათელი მაგალითებია.