სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიში: აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ღირებულებამ 1.1 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა

სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიში: აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ღირებულებამ 1.1 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა

საქართველოს სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშში, რომელიც 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს, ყურადღება სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე გამახვილებული იმ ნაბიჯებზეა, რომელთაც ხელისუფლება ამ მიმართულებით დგამს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ღირებულებამ 1.1 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.

„მსოფლიო აგროსასურსათო ბაზარზე დღეს არსებულმა ვითარებამ ნათლად გამოაჩინა, რომ სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის განვითარება თითოეული ქვეყნისა და, მათ შორის, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს, რისკენაც უკანასკნელ წლებში განსაკუთრებული ძალისხმევაა მიმართული. 2021 წელი აგროსასურსათო სექტორისათვის მნიშვნელოვანი წინსვლით გამოირჩა:

· აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ღირებულებამ 1.1 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც 21.2%-ით აღემატება 2020 წლის მაჩვენებელს. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში 72%-ით შემცირდა აგროსასურსათო პროდუქციით საგარეო ვაჭრობის უარყოფითი სავაჭრო სალდო;

· მზარდია ევროკავშირში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი − უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში დაფიქსირდა 76.7%-იანი ზრდა და 2021 წლის მონაცემებით 180 მლნ აშშ დოლარი შეადგინა;

· სტაბილურად ფართოვდება ექსპორტის გეოგრაფია − საქართველოდან აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა 99 ქვეყანაში, მაშინ როცა 2020 წელს ეს მაჩვენებელი 92 ქვეყანას შეადგენდა, ხოლო 2012 წელს − 75-ს;

· ისტორიული შედეგები დაფიქსირდა ღვინის წარმოების მიმართულებით. მსოფლიოს 62 ქვეყანაში ექსპორტირებულ იქნა 107 მილიონი ბოთლი ღვინო, რაც დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამასთან ერთად, უკანასკნელ პერიოდში, თითქმის 5-ჯერ გაიზარდა გადამუშავებული ყურძნის მოცულობა და ჯამურად 243 ათასი ტონა შეადგინა. გაიზარდა გადამუშავებული ყურძნის ღირებულებაც და აღნიშნული მაჩვენებელი 300 მილიონ ლარს გაუტოლდა;

· წინასწარი მონაცემებით, სოფლის მეურნეობაში პირველადი პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელმა 6 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2012 წლის მაჩვენებელს 2.4 მლრდ ლარით (65%), ხოლო 2020 წლის მაჩვენებელს − 0.2 მლრდ ლარით (3.6%) აღემატება. დამატებული ღირებულების მაჩვენებელმა, 3.7 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 2012 წლის მაჩვენებელზე 1.5 მლრდ ლარით (65%), ხოლო 2020 წლის მაჩვენებელზე − 0.1 მლრდ ლარით (3%) მეტია. სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამუშავების შედეგად მიღებული მთლიანი გამოშვება 7.3 მლრდ ლარს გაუტოლდა. ეს მაჩვენებელი 2012 წლის მაჩვენებელს 3.2 მილიარდი ლარით (80%), 2020 წლის მაჩვენებელს კი − 1 მილიარდი ლარით (15%) აჭარბებს.

ფინანსურ ინსტრუმენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნითა და წარმოების პროცესების ხელშესაწყობად, კვლავ გრძელდება მეწარმეთა მხარდაჭერა. სხვადასხვა პროექტისა და პროგრამის ფარგლებში, ინვესტიციის ჯამურმა მოცულობამ 4,67 მილიარდი ლარი შეადგინა, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსება 980 მილიონ ლარს აჭარბებს. საანგარიშო პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ინვესტიციის ჯამური მოცულობა 1,2 მილიარდი ლარია, აქედან კი სახელმწიფო თანადაფინანსება 370 მლნ ლარს შეადგენს.

საანგარიშო პერიოდში, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ეგიდით, 10 257 უნიკალურ ბენეფიციარზე გაიცა 921 443 250 ლარის ღირებულების 11 500 სესხი, სახელმწიფოს მიერ გაცემულმა თანადაფინანსებამ კი შეადგინა 136 767 736 ლარი. ამოქმედდა ერთწლოვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტი, რომლის ფარგლებშიც 3 847 უნიკალურ ბენეფიციარზე გაიცა 65 604 999 ლარის ღირებულების 3 885 სესხი. სახელმწიფოს მიერ გაცემული და გასაცემი თანადაფინანსება 4 912 055 ლარს შეადგენს.

სახელმწიფო პროგრამამ − „დანერგე მომავალი“ 648 უნიკალური ბენეფიციარი მოიცვა, რომელთანაც 741 ხელშეკრულება გაფორმდა. დაკონტრაქტებულმა ფართობმა შეადგინა 5 284.41 ჰა. ინვესტიციის ოდენობა 82 247 438 ლარია, საიდანაც ხელშეკრულებით განსაზღვრული სახელმწიფო თანადაფინანსება 36 834 845 ლარს შეადგენს“, - აღნიშნულია ანგარიშში.

საქართველოს მთავრობამ გამოაქვეყნა სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიში, რომელიც 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს.