საქართველოს სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშში, რომელიც 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის გაწეულ სამედიცინო მომსახურებაზეა ყურადღება გამახვილებული.
„შეუფერხებლად გრძელდებოდა „სახელმწიფო რეფერალური პროგრამის“ ეფექტიანი ფუნქციონირება და, მის ფარგლებში, საჭირო სამედიცინო მომსახურების უფასოდ გაწევა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ადამიანებისთვის. საანგარიშო პერიოდში ამ მომსახურებით აფხაზეთის რეგიონიდან 977-მა, ხოლო ცხინვალის რეგიონიდან 271-მა ადამიანმა ისარგებლა. გარდა ამისა, სტატუს-ნეიტრალური საკოორდინაციო მექანიზმის საშუალებით, საქართველოს მთავრობა აფხაზეთს რეგულარულად აწვდიდა იმუნიზაციის ვაქცინებს, დიაბეტის წამლებს, ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ანტიბიოტიკებსა და აივ/შიდსის საწინააღმდეგო მედიკამენტებს, რომელთა ღირებულებამ ჯამში მილიონ ლარზე მეტი შეადგინა“, - აღნიშნულია ანგარიშში.
154-გვერდიანი დოკუმენტი, რომელიც სამთავრობო პროგრამის შესრულების ოთხ ძირითად მიმართულებას აერთიანებს, უკვე პარლამენტშია.