პრემიერ-მინისტრის ანგარიში: 2021 წელს ეკონომიკური აქტივობის დონე გაიზარდა, როგორც წინა წელთან, ასევე პანდემიამდე − 2019 წელთან შედარებით

პრემიერ-მინისტრის ანგარიში: 2021 წელს ეკონომიკური აქტივობის დონე გაიზარდა, როგორც წინა წელთან, ასევე პანდემიამდე − 2019 წელთან შედარებით

2021 წელს ეკონომიკური აქტივობის დონე გაიზარდა, როგორც წინა წელთან, ასევე პანდემიამდე − 2019 წელთან შედარებით. 2020 წელს 6.8%-იანი კლების შემდეგ, 2021 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 10.4% შეადგინა და მნიშვნელოვნად გადააჭარბა მოლოდინებს, - ამის შესახებ სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებაშია ნათქვამი, რომელიც პარლამენტს უკვე წარედგინა.

„პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების შემდეგ, საქართველოს ეკონომიკის სწრაფი გაჯანსაღება და მაკროეკონომიკური პარამეტრების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება დაფიქსირდა. 2021 წელს ეკონომიკური აქტივობის დონე გაიზარდა, როგორც წინა წელთან, ასევე პანდემიამდე − 2019 წელთან შედარებით. 2020 წელს 6.8%-იანი კლების შემდეგ, 2021 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 10.4% შეადგინა და მნიშვნელოვნად გადააჭარბა მოლოდინებს.

2021 წელს ეკონომიკის ზრდა ძირითადად მოხმარების, საქონლისა და მომსახურების ექსპორტის ზრდით იყო განპირობებული. ეკონომიკის სწრაფი ტემპებით გაჯანსაღების პროცესი გაგრძელდა 2022 წელს. მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში კი, ეკონომიკური აქტივობის ზრდამ 10.8% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ რუსეთ-უკრაინის ომით განპირობებული გამოწვევებისა და გეოპოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად, მარტში ეკონომიკურმა ზრდამ 10.6% შეადგინა. საქართველოს მთავრობის პროგნოზით, 2022 წელს ეკონომიკური ზრდა 6%-ს მიაღწევს (ომის გარეშე კი ზრდა გაცილებით მაღალი იქნებოდა). საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საშუალოვადიან პერიოდში, 2022 − 2027 წლებში საშუალოდ საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა რეგიონსა და ევროპის ქვეყნებს შორის და საშუალოდ 5%-ს გაუტოლდება.

2021 წელს ეკონომიკის მნიშვნელოვანი გაჯანსაღების ფონზე, სიღარიბის დონის მნიშვნელოვანი შემცირება დაფიქსირდა და ისტორიულ მინიმუმს მიაღწია. საქართველოში აბსოლუტური სიღარიბის დონე, 2021 წელს 3.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 17.5 პროცენტი შეადგინა. სიღარიბის დონე ასევე შემცირდა 2019 წელთან შედარებითაც, 2.0 პროცენტული პუნქტით. სიღარიბის დონე შემცირდა ყველა ასაკობრივ ჯგუფში და როგორც სოფლად, ასევე ქალაქად.

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ შეძლო, შეენარჩუნებინა სუვერენული საკრედიტო რეიტინგი, იმ ფონზე, როცა გაუარესდა არაერთი ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი. სარეიტინგო კომპანიების − Fitch-ის, S&P-ის, Moodys’-ის შეფასებით, საქართველომ უზრუნველყო რეიტინგის შენარჩუნება პანდემიამდე მაჩვენებლის დონეზე და კრიზისის დაძლევა, რეიტინგის გაუარესების გარეშე.

2021 წელს, საგარეო ვაჭრობის არა მხოლოდ სრულ გაჯანსაღებას ჰქონდა ადგილი, არამედ ექსპორტის, ადგილობრივი ექსპორტის, იმპორტისა და სავაჭრო ბრუნვის რეკორდული მოცულობაც დაფიქსირდა. 2021 წელს ექსპორტი 26.9%-ით, ხოლო ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე) 29.9%-ით გაიზარდა.
რუსეთ-უკრაინის ომისა და რეგიონში დაძაბული გეოპოლიტიკური მდგომარეობით განპირობებული ეკონომიკური გამოწვევების მიუხედავად, 2022 წლის მარტსა და აპრილში ექსპორტის ზრდა დაფიქსირდა.

პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისთვის მნიშვნელოვანი იყო ტურიზმის სწრაფი აღდგენა და, ამ მხრივ, საკმაოდ პოზიტიური დინამიკა დაფიქსირდა. 2021 წლის ივლის-დეკემბრის პერიოდში ტურიზმიდან შემოსავლების აღდგენის დონე აჭარბებდა 50%-ს და 52.2% იყო. 2022 წლის იანვარ-აპრილში, 2019 წელთან შედარებით, ტურიზმიდან შემოსავლების აღდგენის დონემ 68.9% შეადგინა.

2021 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება დაფიქსირდა, წინა წელთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გაორმაგდა და 1,152.8 მლნ აშშ დოლარი, მშპ-ის 6.2% შეადგინა, რაც, 2019 წელთან შედარებით, 86%-იანი აღდგენაა. საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დონე მშპ-თან მიმართებით ერთ-ერთი ყველაზე მაღალია, რეგიონის, ევროპისა და ჩვენი მსგავსი სუვერენული რეიტინგის მქონე ქვეყნებს შორის.

ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის (International Budget Partnership) მიერ გამოქვეყნებული ბიუჯეტის გამჭვირვალობის 2021 კვლევის (Open Budget Survey – 2021) შედეგების მიხედვით, საქართველომ მსოფლიოს 120 ქვეყანას შორის პირველი ადგილი დაიკავა.

აღნიშნული მაჩვენებლით, საქართველოში მიმდინარე საჯარო ფინანსების მართვის რეფორმამ კიდევ ერთხელ მოიპოვა საერთაშორისო აღიარება და დადასტურდა ბოლო ათწლეულის მანძილზე გატარებული ღონისძიებების შედეგები.

საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის დაიდო 3-წლიანი შეთანხმება 289 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მხარდამჭერ პროგრამაზე (Stand-By Arrangement). აღნიშნული პროგრამა ქვეყანას დაეხმარება როგორც მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის გაუმჯობესებაში, ასევე ხელს შეუწყობს ინკლუზიურ ზრდას“,- ნათქვამია ანგარიშში.