სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიში: ხელისუფლება ინტენსიურად მუშაობდა ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცების, ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის, დეოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიმართულებით

სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიში: ხელისუფლება ინტენსიურად მუშაობდა ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცების, ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის, დეოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიმართულებით

საქართველოს მთავრობამ გამოაქვეყნა სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიში, რომელიც 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს. დოკუმენტში ცალკე თავი ეთმობა საგარეო პოლიტიკას, უსაფრთხოებას, კონფლიქტის მოგვარებასა და ადამიანის უფლებებს.

„საანგარიშო პერიოდში საქართველოს ხელისუფლება ინტენსიურად მუშაობდა ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის, დეოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიმართულებით. 2021 წლის 23 ივნისს, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, შეიქმნა სამთავრობო კომისია „დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის“ შემუშავებისა და განხორციელების მიზნით. კომპლექსური სტრატეგია ეფუძნება საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის ორივე მიმართულებას − როგორც დეოკუპაციას, ისე − საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ მოსახლეობას შორის შერიგებასა და ჩართულობას. მისი შემუშავება მიმდინარეობს ინკლუზიური და საერთო ეროვნული (whole of nation) პროცესის ფარგლებში“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

154-გვერდიანი დოკუმენტი, რომელიც სამთავრობო პროგრამის შესრულების ოთხ ძირითად მიმართულებას აერთიანებს, უკვე პარლამენტშია.