„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, პაატა მანჯგალაძე, ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. რეფერენდუმის შეჩერებას რუსეთისთვის არსებული არახელსაყრელი გეოპოლიტიკური მდგომარეობით ხსნის და აცხადებს, რომ, ადრე თუ გვიან, ე.წ. რეფერენდუმის საკითხი დღის წესრიგში კვლავ დადგება.
„ახლა რუსეთისთვის ხელსაყრელი გეოპოლიტიკური ვითარება არ არის - მიიჩნიეს, რომ დაძაბულობის დამატებითი კერის შექმნა მათ ინტერესებში არ შედიოდა, მაგრამ ეს საკითხი მოხსნილი არ არის. როგორც კი რუსეთი მოაგვარებს და უკრაინაში არსებული ომიდან რაღაცნაირად გამოძვრება, აუცილებლად დაუბრუნდება ჩვენს საკითხს. ამიტომ, უსაფრთხოების გარანტია არის არა პუტინის გულის მოგება, რასაც „ქართული ოცნება“ არასწორად აკეთებს, არამედ, უსაფრთხოების გარანტია არის ჩვენი ევროპელი პარტნიორები და ნატო, რომლებიც დაიცავენ საქართველოს უსაფრთხოებას“, - აღნიშნავს პაატა მანჯგალაძე.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა ე.წ. რეფერენდუმის შესახებ ბრძანება შეაჩერა და მოსკოვთან კონსულტაციას მართავს. რუსეთთან შეერთების საკითხზე ე.წ. რეფერენდუმი 17 ივლისს უნდა გამართულიყო. ბრძანებას დეფაქტო ხელისუფლების ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა მოაწერა ხელი.
ბიბილოვი ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ალან გაგლოევთან დამარცხდა. მმართველი გუნდის განცხადებით, დეფაქტო ხელისუფლების ნებისმიერი ინიციატივა საერთაშორისო ნორმების დარღვევაა.