სერგო ჩიხლაძე:  ადრე მცდარ „მესიჯებში

სერგო ჩიხლაძე: ადრე მცდარ „მესიჯებში" მაინც ცდილობდნენ თანმიმდევრულები ყოფილიყვნენ, ბოლო დღეებში საერთოდ არეულები არიან - კობახიძის განცხადება იყო შემოძახილი მისი „კლანის“ მოსამართლეების მიმართ, არ გაბედოთ და არ ჩამოიშალოთ

ადრე თავის მცდარ „მესიჯებში" მაინც ცდილობდნენ თანმიმდევრულები ყოფილიყვნენ, ბოლო დღეებში და კვირებში საერთოდ არეულები არიან , - ასე პასუხობს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ „ქართული ოცნების“ ბრალდებებს, რომლის მიხედვითაც ოპოზიცია აკეთებს ყველაფერს, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს.

სერგო ჩიხლაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ თავადაა ის, ვინც საქართველოს ევროკავშირს აშორებს.

მისი თქმით, ამაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ ყველა ევროპარლამენტარს, ვინც საქართველოს თემაზე მუშაობს, ლანძღავენ.

„არეულები არიან იმიტომ, რომ მათ აქვთ ძალიან მკაფიო გზავნილები ევროკავშირისგან და იციან ზუსტად რა არის გასაკეთებელი, არაერთხელ დაუფიქსირა ევროკავშირმა, რა არის გასაკეთებელი.

ახლა ბრიუსელში ვიყავით, აშშ-დან დავბრუნდით, მთავარი ჩვენი გზავნილი არის ყველგან, რომ მიუხედავად იმისა, როგორი ხელისუფლებაც არ უნდა ჰყავდეს ქვეყანას, რა უვარგისიც არ უნდა იყოს „ქართული ოცნება“, რა თქმა უნდა, საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს ევროპის ოჯახის წევრობას.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება გვაშორებს ევროპას, აკეთებენ ყველაფერს რომ დავშორდეთ არა მარტო ევროპას, საერთოდ დასავლეთს დავშორდეთ. აქამდე თუ ჰქონდათ ორი სკამის პოზიცია, რომ ორივეგან დამსხდარიყვნენ ახლა ეგ აღარ გამოდის, ძალიან მკაფიო კედლები გაივლო.

ევროპარლამენტში საქართველოზე სულ 10-12 ევროპარლამენტარი მუშაობს, ვინც დაკავებულია საქართველოს საკითხებით, ხოლო „ქართული ოცნება“ კი ხშირად წარმოაჩენს, რომ 600-ზე მეტი პარლამენტარია და იქიდან 10-მა რაღაც თქვა, მაგრამ ზუსტად ეს 10 და 12 მუშაობს საქართველოზე, სხვა 10 აფრიკაზე მუშაობს და სხვა. ყველა ვინც მუშაობს საქართველოს საკითხებზე ყველას ლანძღავენ. ევროპარლამენტის ყველა წევრი, ვინც არიან საქართველოს მეგობრები, ლობისტები, მართლა ყველაფერს აკეთებენ, რომ ჩვენი ევროინტეგრაცია მოხდეს, ყველა გალანძღა „ქართულმა ოცნებამ“, კრიმინალები უწოდა და კრიმინალების დამცველი და ეს გვაახლოებს ევროკავშირთან?“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

სერგო ჩიხლაძე გადაცემაში ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ მოსამართლე, რომელიც თავდასხმის ობიექტი გახდება, ხელისუფლებისგან მიიღებს სათანადო დაცვას, გამოეხმაურა.

მისი თქმით, აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნების“ მხრიდან იყო გზავნილი მოსამართლეების მიმართ, რომ „არავინ არ გაბედოს და არ ჩამოიშალონ“.

„ეს ფაქტობრივად პირდაპირი გზავნილი იყო. მოსამართლეების დაცვაზე კი არ აის საუბარი, ეს იყო შემოძახილი მისი კლანის წევრების, მოსამართლეების მიმართ, რომ არავინ არ გაბედოთ და არ ჩამოიშალოთ. გვარამიას მოსამართლე ჩახსნეს პროგრამიდან, მაგრამ თქვენც თუ ჩაგხსნიან არ შეგეშინდეთ, სასამართლო სისტემაში მაინც დარჩებით.

ამის შეეშინდა ზუსტად კობახიძეს, რომ ერთი გზავნილი იყო ერთი მოსამართლის მიმართ და სხვა გზავნილებიც იქნება. ამიტომ მოახდინა ახლა მობილიზება კობახიძემ, რომ არ შეგეშინდეთ და გარკვეული მუქარაც იყო ნარევი. ეს იყო გზავნილი, რომ კი, შეიძლება მოსამართლეების მიმართ იყოს ასეთი გზავნილები, მაგრამ არავინ გაბედოს სადმე გადასვლა. მეტსაც გეტყვით, ჩვენ გვქონდა არაფორმალური შეხვედრა სხვადასხვა მოსამართლეებთან და დადგება ამის დროც, როცა ამაზე ვისაუბრებთ, რა არაადამიანურ მეთოდებს იყენებს „ქართული ოცნება“ ამ მოსამართლეების მიმართ, რომ რაღაც კონკრეტული მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღონ“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.