ირაკლი კობახიძე: ხელისუფლება გვერდით დაუდგება და დაიცავს თითოეულ მოსამართლეს, რომელიც ბოროტი პოლიტიკური ძალისგან ბულინგისა და ზეწოლის ობიექტი შეიძლება გახდეს

ირაკლი კობახიძე: ხელისუფლება გვერდით დაუდგება და დაიცავს თითოეულ მოსამართლეს, რომელიც ბოროტი პოლიტიკური ძალისგან ბულინგისა და ზეწოლის ობიექტი შეიძლება გახდეს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე კონკრეტული მოსამართლის მიმართ მედია საშუალებებში და ოპოზიციის ნაწილის მიერ წარმოებულ კამპანიას გამოეხმაურა და აღნიშნული ქმედებები „ანტიდასავლურ კამპანიად" შეაფასა.

მინდა გამოვეხმაურო რადიკალური ოპოზიციის, მისი კუთვნილი მედია საშუალებების, მისი კუთვნილი სახალხო დამცველისა და  მისივე კუთვნილი „ენჯეოების" მიერ წარმოებულ ანტიდასავლურ კამპანიას, რომელიც გვარამიას საქმის განმხილველი მოსამართლის თემას უკავშირდება.

რადიკალურმა ოპოზიციამ ამერიკის საელჩოს დისკრიმინაციაში, სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფასა და არაფორმალური მმართველობის მცდელობაში დასდო ბრალი. იმაზე არაფერს ვამბობ, რომ შესაბამისი ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულია. ამერიკელი დიპლომატებისთვის სისხლის სამართლის დანაშაულის დაბრალება, რბილად რომ ვთქვათ, უკიდურესად უპასუხისმგებლო აქტია. ერთი წამით წარმოიდგინეთ მსგავსი რამ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს რომ გაეკეთებინა - რომელიმე მოსამართლე, რომ დაებარებინა და თუნდაც მისთვის საკამათო გადაწყვეტილების გამო, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, რომელიმე სემინარიდან ან კონფერენციიდან მოეხსნა. წარმომიდგენია რამხელა აჟიოტაჟს შექმნიდნენ ზუსტად იგივე ფაქტის გამო იგივე სუბიექტები. არავითარი ფაქტი არ აქვთ და მოსამართლეებს კლანს უწოდებენ და წარმოიდგინე მათ თუნდაც ერთი ასეთი ფაქტი რომ ქონდეთ მერე რას იზამდნენ?!", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის შეფასებით, მოსამართლეებზე ზეწოლა „ნაციონალური მოძრაობის" ხელწერა და მეთოდია,  რომელსაც ისინი 2004-2012 წლებში აქტიურად მიმართავდნენ.

„ნაცმოძრაობას და მის შიდა და გარე სპიკერებს მინდა ვკითხო - გასაგებია, რომ თომას ჯეფერსონის ღირებულებებიდან ძალიან შორს არიან, მაგრამ ამ კაცის სახელი და გვარი მაინც უნდა ჰქონდეთ გაგონილი. როგორ დაუშვეს, რომ დიპლომატებს, თომას ჯეფერსონის ქვეყნიდან ასეთი რამის გაკეთება შეეძლოთ? ბუნებრივია, ამერიკის საელჩო ნაციონალური მოძრაობის მეთოდებით მოქმედებას მოსამართლის დისკრიმინაციას, სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევას და არაფორმალური მმართველობის მცდელობას არასოდეს იკადრებდა. მე ამის ღრმად მწამს! ან ის რატომ ჰგონიათ, რომ ამერიკაში წასვლა არ წასვლის გამო, რომელიმე მოსამართლე ვინმემ გავლენის ქვეშ შეიძლება მოაქციოს? ვინმეს მართლაც რომ ეკადრა მოსამართლისთვის ვიზიტის გაუქმება, დარწმუნებული ვარ ეს პირიქით, უკუშედეგს გამოიღებდა და ვიზიტს სხვა მოსამართლეებიც გააუქმებდნენ. საქართველოში კარგად იციან ღირსებისა და კოლეგიალობის ფასი და დარწმუნებული ვარ, კოლეგა მოსამართლის დისკრიმინაციის ფონზე ამერიკაში წასვლას არცერთი სხვა მოსამართლე აღარ იკადრებდა.

ხაზგასმით მინდა განვაცხადო, რომ ხელისუფლება გვერდით დაუდგება და დაიცავს თითოეულ მოსამართლეს, რომელიც ბოროტი პოლიტიკური ძალისგან ბულინგისა და ზეწოლის ობიექტი შეიძლება გახდეს. 2017-19 წლებში სამწუხაროდ, ჩვენ არ დავიცავით მოსამართლე თამაზ ურთმელიძე, ისევე როგორც რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი დანარჩენი 12 მოსამართლე გვარამიას და ნაცმოძრაობის სხვა სპიკერების ბულინგისგან. ბოლოს თამაზ ურთმელიძე ისევ სტრასბურგის სასამართლოს დასაცავი გახდა, რომელმაც გვარამიას მხრიდან მისი ბულინგი უმკაცრესად დაგმო. ეს მეორედ აღარ უნდა დავუშვათ!

ბოლოს მინდა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მივმართო თხოვნით. მესმის, რომ ამ კითხვაზე უარყოფითი პასუხის გაცემაც კი უხერხულობას ქმნის. ამერიკის საელჩოს მხრიდან უხერხულიც კი იქნება საუბარი იმაზე, რომ სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩაუდენია, დისკრიმინაცია არ განუხორციელებია, ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობაში არ ჩარეულა და არაფორმალური მმართველობა არ უცდია, თუმცა სპეკულაციები გრძელდება და ამ სპეკულაციებს საელჩოს ერთი მცირე განცხადება მარტივად დაასრულებდა. თუ საელჩო შესაბამის განცხადებას არ გაავრცელებს, რაც ჩვენთვის სრულიად გასაგები იქნება, ქართულ საზოგადოებას სრული უფლება ექნება მიიჩნიოს, რომ საუბრები მოსამართლის დისკრიმინაციის შესახებ რადიკალური ოპოზიციის მორიგი დემაგოგია და სპეკულაცია იყო", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.