შალვა პაპუაშვილი „ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ სტატიაზე: მასში ბევრი უზუსტობაა და ჩანს, რომ დაუდევრად არის შედგენილი - სტატიის ავტორები ამავე ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევებს ეწინააღმდეგებიან

შალვა პაპუაშვილი „ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ სტატიაზე: მასში ბევრი უზუსტობაა და ჩანს, რომ დაუდევრად არის შედგენილი - სტატიის ავტორები ამავე ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევებს ეწინააღმდეგებიან

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი „ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის მიერ“ საქართველოს ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ მოსაზრებას გამოეხმაურა და, ჟურნალისტებთან საუბრისას, აღნიშნა, რომ ამ სტატიაში მრავალი უზუსტობაა. მისი თქმით, მასალა „დაუდევრადაა შედგენილი“.

„ორგანიზაცია CEPS-ის კვლევების მიხედვითვე, საქართველო, ასოცირებული ტრიოს - საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას შორის, ლიდერია ასოცირების შეთანხმების შესრულებით. ეს დასტურდება, მათ შორის, იმ შეფასებით, რომელიც ამ ორგანიზაციას თავის დროზე, 2021 წლის თებერვალში აქვს გაკეთებული. რაც შეეხება ამ სტატიას - ეს სტატია, გარდა იმისა, რომ ეწინააღმდეგება ამავე ორგანიზაციის მიერ წარმოებულ კვლევას, რომელიც ამბობს, რომ საქართველო ლიდერია, სტატიაშივე არის ძალიან ბევრი შეცდომა, ეტყობა, რომ ძალიან დაუდევრად არის შედგენილი. მაგალითად, წერია, რომ შარლ მიშელი საქართველოში ჩამოსული იყო მაისში, რათა შემდგარიყო შეთანხმება, რომელსაც 19 აპრილის შეთანხმება ჰქვია. ასევე, მასში წერია, რომ ოპოზიცია მას შემდეგ გავიდა პარლამენტიდან ბოიკოტზე, რაც ნიკა მელია დააკავეს. არადა, ოპოზიცია საბოტაჟის რეჟიმში იყო დეკემბრიდანვე, როდესაც პარლამენტი შეიკრიბა. ასეთი უზუსტობებია და ჩანს, რომ ეს სტატია, ბევრი კუთხით, დაუდევრად არის შედგენილი. ჩვენ ვხედავთ, რომ სტატიის ავტორები წინააღმდეგობაში მოდიან თავად ამ ორგანიზაციის მიერვე ჩატარებულ კვლევებთან. მეორე - თავად ამ ორგანიზაციის მკვლევარმა დღეს განაცხადა, რომ ეს სტატია მხოლოდ ავტორების მოსაზრებას წარმოადგენს, რომელსაც თავად არ უერთდება და მესამე - თავად ამ სტატიაში იმდენი შეცდომა და დაუდევრობაა, რომ მისი სხვა ასეთი პასაჟებიც, ამ კუთხით, სანდო არ არის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრმა“ გამოაქვეყნა საქართველოს ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებული მოსაზრება, რომლის თანახმადაც, საქართველო ჯერ არ იმსახურებს გაერთიანების წევრობას. ამავე ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლის განცხადებით, ეს არ არის კვლევითი ცენტრის პოზიცია და ის ცალკეული ავტორების მოსაზრებას გამოხატავს.