როგორიც არ უნდა იყოს ცალკეული პოლიტიკოსის ძალისხმევა ქვეყნის დაზიანების, ფაქტია, რომ მას უპირისპირდება ქვეყნის მტკიცე კურსი და ევროკავშირის მხრიდან დოკუმენტალურად გამყარებული შეფასებები, რაც ფაქტობრივ გარემოებებზეა დამყარებული, - ამის შესახებ ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც არის ტოლობა, ცალკეული პოლიტიკოსის არაკეთილსინდისიერ ძალისხმევა და მეორე მხრივ, სისტემური, საერთო ეროვნული და სახელისუფლებო ძალისხმევა, ალბათ, ამ ტოლობაში ამ ცალკეულ პოლიტიკოსთა ძალისხმევა უთანასწორო იქნება. მისვე განმარტებით, ფიქრობს, რომ ცალკეულ პოლიტიკოსთა ძალისხმევა, დააზარალონ ქვეყანა, განწირულია ფიასკოსთვის.
„მგონია, რომ ევროკავშირი, როგორც ბიუროკრატიული სტრუქტურა გამოვა იმ საზომიდან, რომელიც მათი დოკუმენტებითა და ანგარიშებით არის გამყარებული. ვფიქრობ, მყარი საფუძველი და მოლოდინი გვაქვს, რომ პოზიტიურ გადაწყვეტილებას უნდა ველოდოთ. სხვა საკითხია, როგორი ნაირსახეობის შეიძლება იყოს ეს პოზიტიური პოლიტიკური გადაწყვეტილება, რაც არ არის მხოლოდ ხო ან არა. ეს შეიძლება იყოს შუალედური ვარიანტებიც. ასე მაგალითად, შეიძლება ერთ-ერთ ვარიანტად განიხილებოდეს, რომ ქვეყანას პირობითად მიეცეს დადებითი პასუხი, იმის გათვალისწინებით, რომ ჩაიდება გარკვეული ვალდებულებები და შემუშავდება გარკვეული სამუშაო რუკა ამა თუ იმ რეფორმის განსახორციელებლად. როდესაც კონიუნქტურაზე ვსაუბრობთ, ერთია ეს კონიუნქტურა საქართველოს მხრიდან და მეორეა კონიუნქტურა ევროკავშირის მხრიდან.
საკუთრივ ევროკავშირი იმყოფება რთული რეფორმირების პროცესში. მაგალითად, გადაწყვეტილება მიღების თაობაზე - ცალკეულ წევრებს შორის დღესაც არის ნოსტალგია იმ ძველ წესზე, როდესაც უმრავლესობას ყოველგვარი ოპონირების გარეშე, მაგალითად, უნგრეთის მსგავსი ქვეყნების გარეშე შეეძლო გადაწყვეტილების მიღება. გარდა ამისა, ევროკავშირს არ აქვს გადაწყვეტილი დასავლეთ ბალკანეთის საკითხი, აქედან გამომდინარე, საერთო სურათში რამდენად მიანიჭებენ ისინი უპირატესობას ხოს უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს მაშინ, როდესაც ბალკანეთის საკითხი გადაუწყვეტელი აქვთ, ესეც კონიუნქტურის შემადგენელი ნაწილია. კიდევ ერთი საკითხია, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ევროკავშირზე, ერთია განწყობა ევროკავშირის სტრუქტურების დონეზე, მაგრამ მეორეა განწყობები ევროკავშირის წევრი ქვეყნების დონეზე, მეტიც არა მარტო ცალკეული ქვეყნების, არამედ ცალკეული პოლიტიკური პარტიების დონეზეც. არსებითია ქართული დიპლომატიის მხრიდან, რომ ჩვენ ფოკუსირებული ვიყოთ არა მარტო ზეეროვნულ სტრუქტურებთან, ევროკავშირის ინსტიტუტებთან მუშაობის კუთხით, არამედ ცალკეულ წევრ სახელმწიფოებთან და ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიასთანაც კი. რომლებიც ევროკავშირის გაფართოებას, თუნდაც კანდიდატის სტატუსის მიცემის ფორმით, დღემდე მაინც აზრთა სხვადასხვაობა და გარკვეული წინააღმდეგობა აქვს. ამიტომ კონიუნქტურა ორივე მხრიდან არის, ჩვენ ნუ დავინახავთ ამ სურათს ისე, რომ ჩვენ რამდენად ვართ მზად, ხანდახან საკითხი ასე უნდა დავსვათ და უნდა ჩავუღრმავდეთ, რამდენად არის საკუთრის ევროკავშირი მზად. ასე რომ ეს განტოლების ორი თანაბარი ბოლოა“, - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.