კომუნიკაციების კომისიამ დეზინფორმაციასთან გამკლავებაში ოზურგეთში 21 პედაგოგი გადაამზადა

კომუნიკაციების კომისიამ დეზინფორმაციასთან გამკლავებაში ოზურგეთში 21 პედაგოგი გადაამზადა

კომუნიკაციების კომისიამ პროექტის „დეზინფორმაცია, როგორც გამოწვევა: კრიტიკული აზროვნების განვითარება სკოლებში“ ფარგლებში, ოზურგეთის N4 საჯარო სკოლის 21 პედაგოგი სპეციალურად შექმნილი მოდულით გადაამზადა. მასწავლებლებმა დეზინფორმაციასთან გამკლავების მექანიზმების, ანტიდასავლური პროპაგანდის ნეგატიური ზეგავლენისა და მათგან თავის დაცვის ინსტრუმენტების შესახებ მიიღეს ცოდნა. პროექტში მიღებულ გამოცდილებას პედაგოგები მოსწავლეებში კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების უნარების განვითარების მიზნით, პრაქტიკაში გამოიყენებენ. 

ტრენინგის პარალელურად, მასწავლებელმა, რომელსაც დეზინფორმაციასთან გამკლავებაში კომუნიკაციების კომისიისა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის ფარგლებში სერტიფიცირებული ტრენინგი უკვე გაიარა, N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებს, მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გამოყენებით, სემინარი ჩაუტარა. 

დეზინფორმაციასთან გამკლავებაში პედაგოგების გადამზადება კომუნიკაციების კომისიამ ევროკავშირის დელეგაციის მხარდაჭერით 2021 წელს დაიწყო. მასწავლებლების მხრიდან მაღალი მოთხოვნის საფუძველზე, კომუნიკაციების კომისია ტრენინგების ჩატარებას განაგრძობს. ორი თვის განმავლობაში 10 რეგიონში, მათ შორის თბილისში, მცხეთა-მთიანეთში, რაჭა-ლეჩხუმში, ზემო სვანეთში, აჭარაში, გურიაში, იმერეთში, სამეგრელო-ქვემო სვანეთში, სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში დამატებით 200 მასწავლებელი გადამზადდება.

პროექტის მიზანი დეზინფორმაციით გამოწვეული ნეგატიური გავლენის შესახებ ცნობიერების ამაღლება, მედიაწიგნიერებისა და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარება და საქართველოს ევროპასთან დაახლოების შესახებ ცოდნის ამაღლებაა. ტრენინგები თბილისსა და რეგიონებში, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში, საჯარო სკოლისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების 700-ზე მეტ პედაგოგს ჩაუტარდა. მასწავლებლები სპეციალურად შექმნილი შემოქმედებითი და ინტერაქტიული მოდულის მიხედვით გადამზადდნენ, რომელიც სწავლების აქტუალური და თანამედროვე მიდგომების გათვალისწინებით შემუშავდა და ფარავს ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორებიცაა: კრიტიკული აზროვნება, დეზინფორმაციის იდენტიფიცირების სხვადასხვა ხერხი, ინფორმაციის ვალიდაციის მეთოდები და სხვა.