უკრაინის მოსახლეობამ ქვეყნებს შორის, რომლებიც რუსეთის შეიარაღებული აგრესიის დროს ყველაზე მეტად დაეხმარნენ ქვეყანას საქართველო პოლონეთის, ბრიტანეთისა და აშშ-ის შემდეგ მეოთხე ადგილზე დაასახელა, - ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა იულია ოვჩინიკოვამ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, სადაც აღნიშნა, რომ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) შესაბამისი კვლევა დღეს გამოქვეყნდება.
ამასთანავე, ოვჩინიკოვას თქმით, უკრაინა მადლიერია იმ მხარდაჭრის, რომელიც ცოტა ხნის წინ უკრაინაში ვიზიტით მყოფმა საქართველოს ხელისუფლების წევრებმა გამოხატეს.
„ჩვენ მოხარულები ვიყავით მიგვეღო საქართველოს სპიკერები უკრაინაში და მადლიერები ვართ მათი მხარდაჭერისთვის. საქართველოსა და უკრაინის მოსახლეობა ყოველთვის უჭერდა მხარს ერთმანეთს, ეს აბსოლუტური სიმართლეა. ასევე, მინდა გაგიზიაროთ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევა, რომელიც სავარაუდოდ, დღეს გამოქვეყნდება. ის უკრაინის მოსახლეობას შორის ჩატარდა. კითხვა შემდეგნაირად იყო დასმული: თქვენი აზრით, რომელი ქვეყანა ან საერთაშორისო ორგანიზაცია დაეხმარა უკრაინას ყველაზე მეტად სამხედრო აგრესიის დროს? და იცით, რა არის ამ გამოკითხვის შედეგი ?! გამოკითხვის თანახმად, პირველი ადგილი დაიკავა პოლონეთმა, მეორე ადგილი -დიდმა ბრიტანეთმა, მესამე ადგილი - შეერთებულმა შტატებმა და მეოთხე ადგილი დაიკავა საქართველომ. ამ გამოკითხვამ აჩვენა უკარინელი ხალხის რწმენა საქართველოსადმი. ვფიქრობ, სულ მცირე, ამ გამოკითხვის შედეგები გააგრძელებს ქართველი ხალხის შთაგონებას, მხარი დაუჭიროს უკარაინას. მჯერა, რომ ხალხს ყოველთვის შეუძლია გავლენა მოახდინოს ხელისუფლების, პარლამენტისა და პრეზიდენტის პოზიციაზე და განსაზღვროს ქვეყნის განვითარების ვექტორი“,- განაცხადა რადას დეპუტატმა.