ჟიგიმანტას პავილიონისი იმ ორკესტრის წევრია, რომლის ძირითადი მონაწილეები თუ სოლისტები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან, - აღნიშნული შეფასება ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ გააკეთა.
სარჯველაძის აზრით, იდეური და საქმიანი ერთიანობა და დამოკიდებულებები, რომელიც მათ აერთიანებთ, მიმართულია საქართველოს წინააღმდეგ მხოლოდ მარტომ, რომ საქართველოს ხელისუფლება დააზიანონ.
„ეს არის ზუსტად ამორალურობა. ამორალურობა გამოიხატება იმაში, რომ საქართველოს ინტერესს არაფრად დაგიდევენ თუ ამ ინტერესის და ნებისმიერი წარმატების ავანგარდში „ნაციონალური მოძრაობა“ არ იმყოფება. როგორც ჩანს, იმ ორკესტრში, რომელიც დღეს დაკავებულია საქართველოსთვის რეპუტაციული რისკების შექმნით იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლებას რაღაც ავნონ, ერთ-ერთი მონაწილე და ორკესტრანტი პავილიონისიც გახლავთ. ეს შეიძლება იყოს ერთადერთი ახსნა ასეთი დამოკიდებულების, როცა ადამიანი თვლის, რომ საქართველო არ იმსახურებს ევროკავშირში გაწევრიანებას, განსხვავებით მაგალითად, მოლდოვისგან, თუმცა ამას რეალურად აბსოლუტურად არავითარი საღი და გონივრული არგუმენტი არ აქვს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.