უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ რუსების მიერ დაკავებულ კუნძულ „ზმეინიზე“ დარტყმები განახორციელეს

უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ რუსების მიერ დაკავებულ კუნძულ „ზმეინიზე“ დარტყმები განახორციელეს


17:28, 01.05.2022
 
ოპერატიული სარდლობა „სამხრეთის“ განცხადებით, უკრაინის მიერ კუნძულ „ზმეინიზე“ განხორციელებული დარტყმების შედეგად განადგურებულია სამი საზენიტო სარაკეტო სისტემა „სტრელა-10“ და საკომუნიკაციო ტექნიკა.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, დარტყმების შედეგად დანაკარგები არის კუნძულზე განთავსებულ რუსეთის ჯარის პერსონალს შორისაც.

ოპერატიული სარდლობა „სამხრეთის“ ცნობით, კუნძულზე მიტანილი იერიშის შემდეგ შავ ზღვაში რუსეთის საზღვაო ფლოტის გააქტიურება შეინიშნება. სარდლობის ინფორმაციით, რუსები კატარღებით კუნძულზე დარჩენილი პერსონალის ევაკუაციას ცდილობენ, ხოლო წყალქვეშა ნავები და სხვა სამხედრო გემები ინარჩუნებენ სარაკეტო დარტყმების განხორციელების მზადყოფნას.

კუნძული „ზმეინი“ რუსებმა ომის დასაწყისშივე დაიკავეს. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, იქ მყოფი ყველა ჯარისკაცი დაიღუპა, თუმცა მოგვიანებით უკრაინის პრეზიდენტმა მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ რუსებმა უკრაინელი ჯარისკაცების ნაწილი მოკლეს, ნაწილი კი ტყვედ აიყვანეს.