800-ზე მეტი სამხედრო დანაშაული იქნა უკვე დაფიქსირებული და ჩვენ ვაფიქსირებთ კიდევ სხვა დანაშაულებს. მზადდება საერთო, მასშტაბური სისხლის სამართლის დანაშაულის საქმე რუსეთის წინააღმდეგ, კერძოდ პუტინის წინააღმდეგ, - ამის შესახებ მარიუპოლის მერმა, ვადიმ ბოიჩენკომ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის ჯარმა მარიუპოლში მოსახლეობის დიდი ნაწილი მოკლა, დარჩენილ მოსახლეობას კი დამამცირებელ სამუშაოს ასრულებინებს.
მარიუპოლის მერის განცხადებით, რუსეთი დღეს უკრაინელი ხალხის გენოციდს ახორციელებს და „უკრაინას უკრაინელებისგან ათავისუფლებს“.
„მარიუპოლის მოსახლეობა და მარიუპოლს თუ წარმოვიდგენთ, ჩვენ ვნახეთ საზარელი კადრები. თავის დროზე ბუჩა და კიდევ სხვა ქალაქები, რომლებიც რუსეთის ე.წ. ჯარმა მიწასთან გაასწორა. წარმოვიდგინოთ ის ჯოჯოხეთი, რომელშიც მარიუპოლი იმყოფება. არ მინდა სხვა ქალაქებს ვაწყენინო, რომლებიც ასევე საშინლად დაზარალდნენ, მაგრამ როდესაც ჩვენ ვფიქრობთ მარიუპოლზე, ალბათ ეს 20-ჯერ უნდა გავზარდოთ. მაშინ წარმოვიდგენთ იმ საზარელ ჯოჯოხეთს, რომელშიც რუსეთის ჯარმა თავისი ავიაციის, არტილერიის წყალობით მოსახლეობის 90% ჩაძირა, დაანგრია ყველაფერი, 20 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა და დარჩენილ მოსახლეობას შეურაცხმყოფელ, დამამცირებელ სამუშაოს ასრულებინებს. ამის წყალობით, რუსები თავის სამხედრო დანაშაულს მალავენ, ნიღბავენ, ეს ხომ სწორედ უკრაინელი ხალხის გენოციდია და სხვა არაფერი?! კლავს მშვიდობიან მოსახლეობას, მიწასთან ასწორებს ქალაქებს. 800-ზე მეტი სამხედრო დანაშაული იქნა უკვე დაფიქსირებული და ჩვენ ვაფიქსირებთ კიდევ სხვა დანაშაულებს. მზადდება საერთო, მასშტაბური სისხლის სამართლის დანაშაულის საქმე რუსეთის წინააღმდეგ, კერძოდ პუტინის წინააღმდეგ.
რუსებმა 2 თვის განმავლობაში 20 ათასზე მეტი ადამიანი მოკლეს, ეს არის საზარელი, სასტიკი დანაშაული, რომელსაც აქვს ერთადერთი, ძალზედ მკაფიო განსაზღვრება - უკრაინელი ხალხის გენოციდი. ამ არმიამ, რომელიც უკრაინაში შემოიჭრა, ქალაქის 90% გაანადგურა, ინფრასტრუქტურის 40%, რომელიც არ ექვემდებარება აღდგენას, - ეს არის ე.წ. განმათავისუფლებელი არმია. ვისგან ათავისუფლებს უკრაინას? - უკრაინელებისაგან. სპობს მათ“, - განაცხადა მარიუპოლის მერმა.