ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენც შეშფოთებას გამოვთქვამთ - მოვუწოდებთ სააკაშვილს, მიიღოს საკვები, დაუჯეროს ექიმს

ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენც შეშფოთებას გამოვთქვამთ - მოვუწოდებთ სააკაშვილს, მიიღოს საკვები, დაუჯეროს ექიმს

შეშფოთებას გამოთქვამენ და შეშფოთებას გამოვთქვამთ ჩვენც. მოვუწოდებთ სააკაშვილს, მიიღოს საკვები, დაუჯეროს ექიმს, როგორც პაციენტმა და პოლიტიკური სპეკულაცია მის ჯანმრთელობაზე დამთავრდეს - ციხეში ყოფნა ყველასთვის დამთრგუნველია, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით ინფორმაციაზე შეშფოთებაა გამოთქმული.

ის ასევე გამოეხმაურა სააკაშვილის ოჯახის მოთხოვნას, გაუშვან სააკაშვილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ, რისთვისაც ვადას 30 აპრილის 18 საათამდე აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აქციებს მიმართავენ და აღნიშნა, რომ „აქციების დაწყება შეუძლია ყველას და მაგით არავის არაფერი უკვირს“. ქადაგიშვილის თქმით, სააკაშვილმა პასუხი უნდა აგოს მის დანაშაულებზე.

„თუ სამედიცინო ტერმინოლოგიას ადამიანური თვალით შევხედავთ, რასთან გვაქვს საქმე? - რომ ადამიანი თავს ციხეში დათრგუნულად გრძნობს, ფსიქოლოგიურად დამთრგუნველია ციხეში ყოფნა და არ უნდა იმ საკვების მიღება, რაც ადამიანმა ჩვეულებრივ ვითარებაში უნდა მიიღოს და არ უნდა იმ ექიმებთან ურთიერთობა. პატიმრობაში ყოფნა დამთრგუნველია ალბათ, პატიმართა 100 თუ არა 99 პროცენტისთვის.

ციხეში ყოფნა ყველასთვის დამთრგუნველია, მითუმეტეს, როცა ჩამოგაგზავნეს იმიტომ, რომ რევოლუცია მოგეხდინა და ძალაუფლება ჩაგეგდო, მაგრამ აღმოჩნდი ციხეში, დამთრგუნველია, რა თქმა უნდა, მაგრამ პასუხი უნდა აგოს ძველ თუ მიმდინარე პროცესებზე. მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, მათივე განცხადებებით, რასაც უკრაინიდან აკეთებენ არახამია და არესტოვიჩი, ხომ ირკვევა რა მიზანიც ჰქონდა?! -გვეუბნებიან, რომ ეს მთავრობა ომს არ დაიწყებს, არ არის ომის მთავრობა, მაგრამ სააკაშვილი არის ომის პრეზიდენტი,“ - განაცხადა ქადაგიშვილმა.