დავით ნარმანია: *303#ok-ის სხვადასხვა ფუნქციებს შორის ყველაზე მეტი მოთხოვნა  დარიცხული საფასურის გადამოწმებაზე ფიქსირდება

დავით ნარმანია: *303#ok-ის სხვადასხვა ფუნქციებს შორის ყველაზე მეტი მოთხოვნა  დარიცხული საფასურის გადამოწმებაზე ფიქსირდება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დანერგილი *303#ok-ის მომსახურების ამოქმედებიდან დღემდე  კომუნალური ინფორმაციის მისაღებად 3,153,217 ტრანზაქცია განხორციელდა, ხოლო *303#ok-ის სხვადასხვა ფუნქციას შორის ყველაზე მეტი მოთხოვნა მომხმარებლის მხრიდან ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების დარიცხული გადასახადის გადამოწმებაზე ფიქსირდება, - აღნიშნულის შესახებ განაცხადა სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ სემეკის მიერ დანერგილ გამარტივებულ მომსახურებებზე საუბრისას. 

სემეკის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს მასშტაბით ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომია კომუნალური ინფორმაციის მიღება მობილურ ტელეფონებზე *303#ok-ის საშუალებით. მომსახურება უფასოა, არ საჭიროებს ინტერნეტთან წვდომას, სპეციალური პროგრამის ჩამოტვირთვას და ხელმისაწვდომია ყველა ტიპის მობილურისთვის. 

„სემეკის მიზანია, მომხმარებლებს გაუმარტივოს მომსახურების მიღება კომუნალური კომპანიებისგან. *303#ok არის მარტივი სერვისი  -  მობილურ ტელეფონში *303#ok-ის აკრეფით, მომხმარებელს შეუძლია დააფიქსიროს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის ან სასმელი წყლის ავარიული წყვეტა, რაზეც კომპანია ვალდებულია ოპერატიულად განახორციელოს რეაგირება, დააფიქსიროს მომარაგების პრობლემა, მათ შორის დაბალი წნევა, ძაბვის ციმციმი, ხშირი წყვეტა, გადაამოწმოს დარიცხვა, მიიღოს ელექტრონული ქვითარი და მიმდინარე ბალანსი; მობილურის ნომერი დაამატოს სასურველ აბონენტის ნომერზე, წაშალოს არასასურველი ნომერი.  

*303#ok-ს აქვს სხვადასხვა ფუნქცია, თუმცა მომხმარებლებში ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების დარიცხული გადასახადის გადამოწმება. მომხმარებელს აღარ სჭირდება კომუნალური კომპანიისთვის განცხადებით მიმართვა ან ქოლცენტრთან დაკავშირება, არამედ მობილურ ტელეფონზე *303#ok -ისა და შესაბამისი მოთხოვნის მითითებით, მარტივად და მოკლე დროში იღებს კომუნალური კომპანიისგან უკუკავშირსა თუ განმარტებას. დარიცხვის გადამოწმება შესაძლებელია ქვითრის მისვლისთანავე“, - განმარტავს დავით ნარმანია.     

*303#, როგორც მობილური ტელეფონისთვის განკუთვნილი მომსახურება, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების მომხმარებლებისათვის 2020 წელს შეიქმნა. უახლოეს ხანებში იგეგმება აპლიკაციის შექმნა.  

დავით ნარმანიამ სემეკისა და იუსტიციის სახლის ერთობლივ პროექტზეც გაამახვილა ყურადღება, რომლის საშუალებითაც, საქართველოს მასშტაბით, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების მომხმარებლებს შეუძლიათ, იუსტიციის სახლში ერთი ვიზიტით მიიღონ რამდენიმე კომუნალური მომსახურება -  ბინის ყიდვის ან იჯარის შემთხვევაში დარეგისტრირდნენ კომუნალური კომპანიების (დენი, გაზი, წყალი) აბონენტებად, განაახლონ მონაცემები, ასევე გადაამოწმონ უძრავ ქონებაზე არსებული კომუნალური დავალიანება შესაძლო პრობლემების თავიდან აცილების მიზნით. სერვისით სარგებლობა შეუძლიათ როგორც მუდმივ, ისე დროებით აბონენტებს. 2019 წლიდან დღემდე აღნიშნული პროექტით  43,827 მოქალაქემ ისარგებლა.