გიორგი (ჟორჟ) ეკიზაშვილისადმი მიძღვნილი საღამო თსუ-ში

გიორგი (ჟორჟ) ეკიზაშვილისადმი მიძღვნილი საღამო თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის, ალბერ კამიუს, მიშელ უელბეკის, გი დე მოპასანის და სხვა ცნობილი ფრანგი მწერლების შემოქმედების მთარგმნელის, პოეტის, თსუ პროფესორის  გიორგი (ჟორჟ) ეკიზაშვილისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ღონისძიებაზე გიორგი ეკიზაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხანგრძლივი პედაგოგიური საქმიანობისა და ქართულ-ფრანგული ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის უნივერსიტეტის ოქროს მედლით დაჯილდოვდა.

ღონისძიებას თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნანა გაფრინდაშვილი, საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოება გიორგი ეკიზაშვილის შემოქმედებას და მის თარგმანებს კიდევ ერთხელ გაეცნო.

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ნანა გაფრინდაშვილის თქმით, გიორგი ეკიზაშვილს ქართულ-ფრანგული ურთიერთობების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის. „გიორგი ეკიზაშვილმა ქართული ლიტერატურა ფრანგული ნაწარმოებების თარგმანებით გაამდიდრა. მან ასევე ქართული შემოქმედება ფრანგულ ენაზე თარგმნა და ამით ფრანგ მკითხველს უჩვენა, რომ ქართული ლიტერატურა, კულტურა მსოფლიო ლიტერატურის და კულტურის უმნიშვნელოვანესი ნაწილია,“ - აღნიშნა ნანა გაფრინდაშვილმა. 

გიორგი ეკიზაშვილი ფრანგული კულტურის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის დაჯილდოებულია საფრანგეთის სახელმწიფო ორდენით „აკადემიური პალმის კომანდორი“.  
საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში დიეგო კოლასიმ გიორგი ეკიზაშვილს ქართულ-ფრანგული ურთიერთობების დაახლოებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. „ჟორჟ ეკიზაშვილმა ერთი მხრივ, ფრანგული ლიტერატურა და ფრანგული სული გააცნო ქართველებს, მეორე მხრივ კი, ქართული ლიტერატურა და ქართული სული გააცნო ფრანგულენოვან სამყაროს. ბატონი ჟორჟის ღვაწლი უდიდესია, ის 60 წელზე მეტია ამ საქმეს ემსახურება,“ - განაცხადა ელჩმა.  

„ჩემი საქმიანობის განმავლობაში არაერთი ჯილდო მიმიღია, თუმცა უნივერსიტეტის ოქროს მედალი ნამდვილად განსაკუთრებულია. დიდი მადლობა ამ სიხარულისა და ბედნიერებისთვის,“ - აღნიშნა გიორგი ეკიზაშვილმა. 

გიორგი ეკიზაშვილისადმი მიძღვნილი საღამო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის რომანული ფილოლოგიის კათედრის ორგანიზებით და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკისა და ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა. 

გიორგი ეკიზაშვილს, ფრანგული შემოქმედების თარგმანებთან ერთად, გამოქვეყნებული აქვს ლექსების ორი კრებული: „ტრამალები,“ და „ბილიკები,“ ნოველების ორი კრებული ფრანგულ ენაზე: „თოვლი“ და „კითხვა.“ 2009 წელს წლის საუკეთესო თარგმანის ნომინაციაში მას მიღებული აქვს ლიტერატურული პრემია „საბა.“