საუბარი პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებზე ლევან ხაბეიშვილისა და სააკაშვილის სხვა მონის თუ კომიკოსის ჰალუცინაციური მდგომარეობაა - პარლამენტის არჩევნები ჩატარდება მაშინ, როცა ამას კანონმდებლობა და კონსტიტუცია ითვალისწინებს, - აღნიშნული განცხადება “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა გააკეთა.
მისივე თქმით, ბაკურიანში შეკრებილმა შულავერის კომიტეტმა მიიღო დირექტივა, რათა აჟიოტაჟი ხელოვნურად გამოიწვიონ.
„ეს არის ომის პარტია და საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღალატზე დაფუძნებული პარტია. თუ რაიმე არჩევნები უნდათ, შეუძლიათ საკუთარ პარტიასა და ოჯახებში ჩაატარონ და ნახავენ, როგორი ხელმოცარულები არიან ეს ფარჩაკები. მიხეილ სააკაშვილს ურჩევნია სასამართლო სხდომაზე მის მიმართ წარდგენილ ბრალდებებს გასცეს პასუხი, რომელიც ჩვენი გაჭირვებული მოქალაქეების კუთვნილი თანხებით მის და უგულავას განცხრომაში ყოფნას, ჩვენი დების, ძმების ქუჩებში მკვლელობებსა და ამის წახალისებას ეხება“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
აქვე უმრავლესობის დეპუტატმა დასძინა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მილევად რეჟიმშია, პარტიის წარმომადგენლები ერთმანეთშიც ვერ გარკვეულან და მათი პოლიტიკური მომავალი პრაქტიკულად დასრულებულია.
ცნობისათვის, ლევან ხაბეიშვილის ცნობით, გეგმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ხვალ, 20 აპრილის სასამართლო სხდომაზე ისაუბრებს. მისი თქმით, “აქციის ნაცვლად, დიდი ეროვნული დღესასწაულისთვის უნდა მოემზადონ, სადაც ზეიმით გააცილებენ "ქართულ ოცნებას" ხელისუფლებიდან“.