გიორგი ვაშაძე:  ქუჩაში გავიდეთ და დავინახავთ, რისი მუხტი არსებობს - სხვა პარტიებს საკუთარ გეგმაში ხელს არ შევუშლით, მაგრამ „სტრატეგია აღმაშენებელი“ ჩვენს გეგმებს არ გადავუხვევთ

გიორგი ვაშაძე: ქუჩაში გავიდეთ და დავინახავთ, რისი მუხტი არსებობს - სხვა პარტიებს საკუთარ გეგმაში ხელს არ შევუშლით, მაგრამ „სტრატეგია აღმაშენებელი“ ჩვენს გეგმებს არ გადავუხვევთ

„ქართული ოცნება“ წინაღობაა ევროინტეგრაციის გზაზე, ომში მყოფმა უკრაინამ ერთ კვირაში კითხვარზე პასუხები გაგზავნა და მშვიდობიან მდგომარეობაში მყოფმა საქართველომ ერთი კვირა დახარჯა, რომ უბრალოდ გაესაჯაროებინა კითხვები - ხელისუფლების შეცვლა უკეთესი იქნებოდა - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ ხვალ, 20 აპრილს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, მის სასამართლო პროცესზე, ვადამდელი არჩევნების გეგმასთან დაკავშირებით ისაუბრებს.

ვაშაძის თქმით, თუ რომელიმე პარტიას სამოქმედო გეგმა აქვს, ეს არის მისი გეგმა და ამაში ხელს არ შეუშლის, რადგან დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნება“ ჩამოსაშორებელია ხელისუფლებას.

„სტრატეგია აღმაშენებელს“ აქვს საკუთარი, მკაფიოდ გამოხატული გეგმა, ჩვენ ვართ თანმიმდევრულები და ამ გეგმებს არ გადავუხვევთ. რაც შეეხება აქციებს, პროტესტს, ეს არის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფის, ყველას შეუძლია თავის ხედვა ჰქონდეს. მთავარი პრინციპი რაც უნდა იყოს, რადგან ჩვენ ვართ სხვადასხვა პოლიტიკური ძალები, ეს არის თავდაუსხმელობის პრინციპი ერთმანეთთან მიმართებით, რომელიც ზოგიერთ ოპოზიციონერ პარტიას ან ოპოზიციონერს ავიწყდება ხოლმე და „ქართულ ოცნებაზე“ შეტევის ნაცვლად ოპოზიციაზე ახორციელებს შეტევას. ეს არის ყველაზე დიდი სამსახური, რასაც „ქართულ ოცნებას“ უწევენ. ამიტომ ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიას თუ აქვს სამოქმედო გეგმა, ეს არის მისი გეგმა, მე ამაში ხელს არ შევუშლი, რადგან ნამდვილად დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ ჩამოსაშორებელია (ხელისუფლებას). მე რაშიც ვხედავ რესურსს, იმ საქმიანობით არის დაკავებული „სტრატეგია აღმაშენებელი“, სხვა რაშიც ხედავს რესურსს, იმას გააკეთებს, ეს ყველას უშუალო გადასაწყვეტია. პროცესი დაგვანახებს, რომელი გზაა სწორი და რომელი უკეთესი. ჩემი ნება რომ იყოს, რიგგარეშე არჩევნებს აუცილებლად დავნიშნავდი, რადგან ნამდვილად ვფიქრობ, რომ ევროკავშირში დაჩქარებული ინტეგრაცია არის მთავარი პრიორიტეტი ქვეყნის და „ქართული ოცნება“ არის ამ ინტეგრაციის წინაღობა. მაგალითს გეტყვით - ომში მყოფმა უკრაინამ ერთ კვირაში კითხვარზე პასუხები გააგზავნა და მშვიდობიან მდგომარეობაში მყოფმა საქართველომ ერთი კვირა დახარჯა იმაზე, რომ უბრალოდ გაესაჯაროებინა ეს კითხვები, ეს არის სხვაობა, ვის როგორ უნდა ევროკავშირში ინტეგრაცია, ამიტომ ნამდვილად ვფიქრობ, ხელისუფლება თუ შეიცვლებოდა, უკეთესი იქნებოდა. „სტრატეგია აღმაშენებელი“ თუ იქნება ხელისუფლებაში, დამერწმუნეთ, ერთ კვირაში კი არა 3 დღეში გავაკეთებთ ამას,“ - განაცხადა ვაშაძემ.

კითხვაზე: არსებობს თუ არა მუხტი საზოგადოებაში აქციების და ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის, ვაშაძის პასუხია: „მეგობრებო, ქუჩაში გავიდეთ და დავინახავთ, რისი მუხტი არსებობს“.

ინფორმაციისთვის, ლევან ხაბეიშვილის ცნობით, გეგმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ხვალ, 20 აპრილის სასამართლო სხდომაზე ისაუბრებს. ლევან ხაბეიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ვადამდელი არჩევნებისთვის ბრძოლაში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად სხვა ოპოზიციური პარტიებიც ჩაერთვებიან.